მთავრობის კანცელარიასთან გამართული საპროტესტო აქციები ხმაურით დასრულდა.
"დამოუკიდებელ ფემინისტთა ჯგუფი" ანტიაბორტის აქციის საწინააღმდეგოდ გამოვიდა. ორგანიზაცია "ეროვნული ფრონტი" კი, აბორტის კრიმინალიზაციას ითხოვდა.
"ვითხოვთ, რომ სახელმწიფომ მოახდინოს აბორტის კრიმინალიზაცია, რადგანაც ვთვლით, რომ ჩვილი ბავშვების მკვლელობა ისეთივე მკვლელობაა, როგორც ზრდასრული ადამიანების მკვლელობა და გაცილებით უარესი დანაშაულია. ეს არის გენოციდისკენ მიმართული ქმედება, ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგ მიმართული ქმედება", - განაცხადა "ეროვნული ფრონტის" გამგეობის თავმჯდომარე ევგენი მიქელაძემ.
უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც მხარეები პოლემიკაში შევიდნენ და დებატები დაპირისპირებაში გადაიზარდა.
როგორც "დამოუკიდებელ ფემინისტთა ჯგუფის" წარმომადგენლები აცხადებდნენ, ქალს აქვს უფლება თვითონ გადაწყვიტოს და აღნიშნული ქმედება ისე განახორციელოს.
საბოლოოდ, ადგილზე საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. აქციაზე სხვა სახის ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.