ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მღვდელმთავარმა იაკობმა ღვთისმშობლისა და ქალის მნიშვნელობაზე იქადაგა. როგორც მან დღესასწაულთან დაკავშირებით ხარების ტაძარში აღვლენილი წირვის დასრულების შემდეგ ბრძანა, სახარების მიხედვით, მარიამს გაბრიელ მთავარანგელოზი გამოეცხადა და უთხრა, რომ მან ძე უნდა შვას.
მისი თქმით, მარიამმა იცოდა, რომ გაბრიელი ანგელოზი იყო, მაგრამ ბედნიერი სახით კი არ მიიღო, არამედ ჩაფიქრდა თუ რას მოასწავებდა მისი მოვლინება.
"სხვა ადამიანს გაახარებდა ანგელოზის გამოცხადება, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ბოროტის მანქანებასთან არ გვქონდეს საქმე. ძალიან თავმდაბალი იყო მარიამი. კაცობრიობამ ქალის არასწორი მაგალითი შექმნა. ღვთისმშობლის მაგალითით, ქალი არის რწმენაში გაძლიერებული, სულიერად ლამაზი", - განაცხადა მეუფე იაკობმა.
მისივე თქმით, ყველა ქალის დანიშნულება დედობაა. მამაკაცი კი, ღმერთმა ძლიერად შექმნა.
მეუფის განცხადებით, ქალი არანაკლებ დიდი გონიერებით შექმნა ღმერთმა, რადგან ქალი ყოველთვის მზადაა, მსხვერპლად შეეწიროს ოჯახს და ყველაფერს.
"მეორე მსოფლიო ომში 300 000-ზე მეტი მამაკაცი დაიღუპა და ქალებმა ისე აღზარდეს შვილები, გვერდზეც არ გაუხედავთ. მაშინ კაცების გასაკეთებელს ქალები აკეთებდნენ, ისე ზრდიდნენ თავიანთ შვილებს. ქალები ჭკუით აღსავსენი არიან და ეს გონება ქვეყნის ძლიერებას უნდა მოახმარონ", - განაცხადა მეუფემ.
ამასთან, მეუფე იაკობმა ისურვა, რომ ის მოსიყვარულე გული, რომელიც ქალს აქვს, მამაკაცსაც ჰქონდეს.
ქადაგების დასასრულს ქორეპისკოპოსმა იაკობმა დღევანდელი დღე განსაკუთრებით, ქალბატონებს მიულოცა.
დღეს მართლმადიდებლური სამყარო ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. საზეიმო წირვა მეუფე იაკობმა ხარების ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში აღავლინა.