ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაახლოებით, 2 000-მა აბიტურიენტმა გაიარა.
როგორც ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი აცხადებს, ეს აბიტურიენტების მხოლოდ მცირე ნაწილია და ისინი რეგისტრაციის დასასრულისკენ გააქტიურდებიან.
მისი თქმით, რეგისტრაცია ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს.
"რეგისტარციის პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს. როგორც წესი, პირველ დღეებში აბიტურიენტების რაოდენობა მცირეა. დაახლოებით, 2 000-ზე ოდნავ მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული, თუმცა, სისტემაში 4 000-მდე აბიტურიენტია შესული. როგორც წესი, რეგისტრაციის მსურველთა რაოდენობა ბოლო დღეებში იმატებს", - განაცხადა მიმინოშვილმა.
რაც შეეხება აბიტურიენტთა არჩევანის მეტი წილი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ფაკულტეტებზე მოდის თუ არა, ამის შესახებ ცენტრის ხელმძღვანელს წინასწარ საუბარი უჭირს.
აბიტურიენტთა რეგისტარცია 1 აპრილს დაიწყო და 20 აპრილამდე გაგრძელდება. თავად ეროვნული გამოცდები კი, 27 ივნისიდან ჩატარდება.