5 აპრილს, 17:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მხატვარ დავით დრონის პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართება. მხატვარი ჯერ მხოლოდ მე-12 კლასელია, მაგრამ თავისი ნიჭითა და ნამუშევრებით უკვე ბევრს აოცებს. ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოსულ დამთვალიერებელს სიურპრიზი ელის. თავდაპირველად ბევრს შესაძლოა ფოტოგამოფენაზე ეგონოს თავი. მხოლოდ მახვილი თვალი და დაკვირვებული მზერა თუ შეამჩნევს, რომ ყველა ექსპონატი ხელით ნახატია.
დავით დრონმა ხატვა სამი წლიდან დაიწყო. 14 წლის იყო, როდესაც გააცნობიერა, რას ხატავდა და რა სურდა გამოეხატა. ძირითადად მანქანის დიზაინითაა გატაცებული, ამიტომ მისი ნამუშევრების უმეტესობა მანქანებია. ყველაზე მეტად ბუგატის, ნისანისა და პორშეს ხატვა უყვარს. მანქანამ მხატვრის ყურადღება რომ მიიზიდოს, რთული, ლამაზი და ეფექტური მოდელი უნდა იყოს. მოდელებს ფოტოებიდან ფოტოგრაფიული სიზუსტით იხატავს. მის ნამუშევრებში თითოეული დეტალი და ანარეკლიც კია ასახული. ხატავს როგორც ახალ, ისე ძველ მოდელებს. ეს ჰიპერ-რეალისტური ნახატები ფანქარსა (შავ-თეთრი და ფერადი გრაფიკა) და აკვარელში იხატება.
მხატვრის კიდევ ერთი გატაცებაა პორტრეტების ხატვა. პირველი ნამუშევარი დედას დაუხატა. ეს იყო ოდრი ჰეპბერნის პორტრეტი. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ფოტოგრაფიული სიზუსტით დახატული ადოლფ ჰიტლერის, ირმა გიგანის, ბიძინა ივანიშვილის, ბერას პორტრეტები.
დავით დრონი სწავლის გაგრძელებას სამხატვრო აკადემიაში აპირებს. მომავალ პროფესიად ავტო-დიზაინს ირჩევს. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა. მანქანის დიზაინის საკუთარ მოდელებზეც მუშაობს. უკვე აქვს იტალიელ ბიზნესმენთან მუშაობის გამოცდილება. საკუთარი დიზაინით შექმნილ მანქანების მოდელებს ხატავდა კომპიუტერული თამაშებისთვის. დავით დრონი "თი ბი სი ბანკში" ჩატარებული კონკურს "ჩემი ართის" მონაწილეა.
ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში დავით დრონის 30-მდე ნახატი იქნება წარმოდგენილი. გამოფენას მუსიკალურად ირმა გიგანი გააფორმებს.