დღეს, 5 აპრილს 12:00 საათზე, კულტურის სამინისტროში „რაბათის" რეკონსტრუქციის თემაზე მრგვალი მაგიდა გაიმართება.
მრგვალ მაგიდას ,,ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ივანე მერაბიშვილიც დაესწრება. როგორც კულტურის მინისტრის მოადგილე მარინა მიზანდარი აცხადებს, მოსაწვევი მერაბიშვილს უკვე გაეგზავნა.
,,მერაბიშვილმა გამოთქვა სურვილი მრგვალ მაგიდას დასწრებოდა და მოვიწვიეთ. სწორედ მასთან გვაქვს სალაპარაკო პირველ რიგში, რაღაც ისეთი პრეტენზიები გამოთქვა და ისეთი ბრალდებები წამოაყენა, რომელიც სრულიად უსაფუძვლოა", -განაცხადა ,,რუსთავი-2"-თან საუბარში მარინა მიზანდარმა.
შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილმა მრგვალ მაგიდაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.
"მინდა გამოვეხმაურო კულტურის მინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ზეგ, 5 აპრილს სამინისტროში „რაბათ"-ის რეკონსტრუქციის თემაზე გაიმართება მრგვალი მაგიდა ექსპერტების მონაწილეობით. მინდა ვთხოვო ბატონ მინისტრს მიმიწვიოს აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად, ვინაიდან მე პირადად აქტიურად ვიყავი ჩართული აღნიშნული ციხის რეაბილიტაციის პროცესში და სიამოვნებით გავუზიარებ მრგვალი მაგიდის მონაწილეებს ჩემს მოსაზრებებს და გამოცდილებას", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.