4 აპრილს, ევროკავშირის დაძმობილების პროექტის „საბაჟო და სანიტარული-ფიტოსანიტარული სასაზღვრო კონტროლის სისტემის განმტკიცება საქართველოში" დახურვის საზეიმო ცერემონია გაიმართა სასტუმროში „შერატონ მეტეხი პალასი." მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.
პროექტი 18 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ქართულ მხარესთან ერთად მონაწილეობდნენ ევროკავშირის წევრი სამი სახელმწიფოს: დანიის, იტალიისა და ესტონეთის შესაბამისი ადმინისტრაციები. პროექტის ღირებულებამ შეადგინა 1,8 მლნ ევრო.
პროექტმა საშუალება მისცა ერთის მხრივ, საქართველოს შემოსავლების სამსახურს, ხოლო მეორეს მხრივ, დანიის, იტალიისა და ესტონეთის საბაჟო-ვეტერინარული კონტროლის ადმინისტრაციებს, ერთად ემუშავათ საქართველოში სასაზღვრო კონტროლის სისტემის გასაძლიერებლად.
„ასეთი პროექტები ხელს უწყობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციას. ამასთანავე, წარმოადგენს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის განხორცელების ნაწილს. სახელმწიფო საზღვარზე ეფექტური, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი პროცედურები, დაეხმარება შემოსავლების სამსახურს ხელი შეუწყოს საერთშორისო ვაჭრობას სახელმწიფო საზღვარზე საქონლისა და მგზავრთა გადაადგილების კონტროლის ხარისხის ამაღლებას. დაძმობილების პროექტები, რომლებიც რამოდენიმე წელია ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება, ქართველ მოხელეებს საშუალებას აძლევს უშუალოდ მიიღონ გამოცდილება ევროპელი კოლეგებისგან" - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა პროექტის დახურვის საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი განცხადებით, აღნიშნული ტიპის თანამშრომლობა ევროკავშირთან აქტიურად გრძელდება. კერძოდ, შემუშავების სტადიაშია დაძმობილების კიდევ ერთი პროექტის განხორციელება საგადასახადო სფეროში, რაც ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს შემოსავლების სამსახურის ამჯერად, საგადასახადო მიმართულებით ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესში.
„მოხარული ვარ, რომ დაძლობილების პროექტის ფარგლებში შედგა სამაგალითო თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უწყებებსა და ევროკავშირს შორის. მსურს, მადლობა გადავუხადო პროექტში მონაწილე ყველა მხარეს - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურს, დანიის, იტალიისა და ესტონეთის შესაბამის ადმინისტრაციებს პარტნიორობისთვის. საბაჟო მიმართულებით ქართული მხარის მიერ მიღწეული დადებითი შედეგები თვალშისაცემია და ასახულია ევროგაერთიანების შესაბამის ანგარიშებში. ასე რომ, ცალსახაა, რომ ევროკავშირი დარჩება წამყვან პარტნიორად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის და მომავალშიც გააგრძელებს სამინისტროს სამსახურების გაძლიერებისთვის საჭირო დახმარებას," - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ, ბორის იაროშევიჩმა.
პროექტს ხელმძღვანელობდა დანიის ცენტრალური საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრაცია, იტალიის საბაჟო სააგენტოსთან, დანიის ვეტერინარიისა და სურსათის ადმინისტრაციასთან, ასევე ესტონეთის საგადასახადო-საბაჟო საბჭოსა და ესტონეთის ვეტერინარიისა და სურსათის საბჭოსთან ერთად.