ხვალ, 5 აპრილს, 10 საათზე, ფინანსთა მინისტროი ნოდარ ხადური სამხრეთ კორეულ ინვესტორთა ჯგუფს შეხვდება. როგორც ცნობილია, სამხრეთ კორეული ინვესტორთა ჯგუფი სამთავრობო და კერძო სექტორების წარმომადგენლებთან შეხვედრებს ინტენსიურად განაგრძობს. საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ინფორმაციით, დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს ირაკლი კოვზანაძეს, სადაც მხარეებმა სხვადასხვა ენერგოპროექტები განიხილეს.
დღეს შეხვედრები გაიმართა იურიდიულ და აუდიტორულ საკონსულტაციო კომპანიებთან, სადაც ინვესტიციით დაინტერესებული ბიზნესმენები გაეცნენ საქართველოს კანონმდებლობას იურიდიული და საგადასახადო კუთხით.
დღესვე იგეგმება სამუშაო შეხვედრა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარესთან. დღის ბოლოს სტუმრები ასევე მოინახულებენ გარდაბნის ქვესადგურს.
ხვალ, 5 აპრილს კი დელეგაციას შეხვედებიან საქართველოს ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსებისა და ფინანსთა მინისტრები, რის შემდეგაც ვიზიტი ოფიციალურად დასრულდება.
საქართველოში ჩამოსული ბიზნესმენები წარმოადგენენ უმსხვილეს სამხრეთ კორეულ კომპანიებს ენერგეტიკის, სამშენებლო, წარმოებისა და ფინანსური სერვისების სექტორებიდან და მათ მასპინძლობს საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო. დელეგაციის წევრებს შორის არიან ისეთი წარმატებული კომპანიების ხელმძღვანელები, როგორებიცაა Hyundai E&C და KDB Daewoo.
მასალის გამოყენების პირობები