მთავრობა კომპანიებისთვის მინერალური წყლის გადასახადს ზრდის. როგორც დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, სატარიფო პოლიტიკაზე ხვალ, 5 აპრილს ბუნებრივი რესურსების კომისიის სხდომაზე იმსჯელებენ.
მინისტრის თქმით, კომპანიები უკვე საქმის კურსში არიან და ახალი სატარიფო პოლიტიკის ამოქმედების შესახებ ინფორმაცია უკვე აქვთ.
"წარმოდგენილი ვარიანტი, რომელსაც ჩვენ ვიხილავთ არის ანარეკლი იმ საერთაშორისო პრაქტიკის, რომელიც არსებობს. საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ სამართლიანი იქნებოდა მინერალური, გაზირებული წყლის მაგალითზე, თუნდაც "ბორჯომის" მაგალითზე, გადასახადი 10 ლარის ნაცვლად 30 ლარი ყოფილიყო. სხვა გაზირებული წყლის მაგალითზე ვიხილავთ 200 %-ით გაზრდას. ჩვეულებრივი მტკნარი წყლის შემთხვევაში კი - 100 %-ით გაზრდას"- აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.
მისივე განმარტებით, 1000 ლიტრზე, დღეს გადასახადი თუ არის 10 ლარი, გაძვირების შემთხვევაში გადასახადი იქნება 30 ლარი. გიორგი კვირიკაშვილი საბოლოო პროდუქტის, ანუ ჩამოსხმული მინერალური წყლის ფასის გაზრდას არ ელოდება
"თუ გამოვთვლით, 1 ლიტრ წყალზე გადასახადი 1 თეთრის ნაცვლად იქნება 3 თეთრი. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი ცვლილება პროდუქტის ფასში არ უნდა გამოიწვიოს. კომპანიის ფინანსური შესაძლებლობები ჩვენ კარგად შევისწავლეთ, და არ მგონია, რომ მათი მხრიდან ამ თემით სპეკულირებას ქონდეს ადგილი"- აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები