დღეს, 4 აპრილს, 18:00 საათზე ქართულ-ებრაული კულტურის დღეების ფარგლებში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის თანადგომით, გაიმართება გამოფენა „საქართველო და ებრაელები".
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კულტურის სამინისტროდან აცნობეს, გამოფენა მიზნად ისახავს წარმოადგინოს ქართულ-ებრაული კულტურული ურთიერთობების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები სასცენო ხელოვნების ყველა დარგში;(თეატრი, მუსიკა, კინო და ქორეოგრაფია).
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 100-ზე მეტი უნიკალური ექსპონატი.
უნიკალურ ექსპონატებში შესულია ცნობილი ქართველი მხატვრის პეტრე ოცხელის ნამუშევრები ებრაულ თემატიკაზე (სპექტაკლები: გერზელ ბააზოვი-„მუნჯები ალაპარაკდნენ", ათან ზარხი - „ჯოი სტრიტი". კარლ გუცკოვი „ურიელ აკოსტა"), ისრაელის ბიბლიური მეფის დავითის ფრესკისა და მინიატურების ასლები უძველესი ქართული ხელნაწერებიდან და ტაძრებიდან.
ექსპოზიციაში წარმოდგენილი იქნება ასევე ებრაელი ცნობილი მხატვრების ნამუშევრები ქართულ კინოსა და თეატრში ( ლეონ ბაქსტი, სერგეი ეიზენშტეინი, ბორის მესერერი, ირინა შტენბერგი, ვიქტორ შრეთერი), ე.წ მარქსების თეატრის უნიკალური ფოტოქრონიკა და სხვა.
გამოიფინებa მუზეუმის კოლექციაში არსებული გამოჩენილი ებრაელი საზოგადო მოღვაწეების: მაია პლისეცკაიას, ჯოკომო მეიერბერის, სერგეი აიზენშტეინის და სხვათა პირადი ნივთები და მემორიალური ფოტოები.
გამოფენას გახსნის მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია, ღონისძიებას დაესწრება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის მოადგილეები, მოწვეული სტუმრები და სამთავრობო სექტორი.
ღონისძიებაზე პიესის ნაწყვეტს „ვალი" წაიკითხავს ქართველ-ებრაელი დრამატურგი და მწერალი გურამ ბათიაშვილი, დავით აჯიაშვილის პოეტური კრებულის პრეზენტაციას წარმართავს მწერალი და მთარგმნელი გივი შახნაზარი. ღონისძიებაზე ასევე დაგეგმილია რამდენიმე მუსიკალური ნომრის შესრულებაც.
4 აპრილს 20:00 საათზე, თბილისის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრში ქართულ-ებრაული კულტურის დღეებთან დაკავშირებით გაიმართება ებრაელი დრამატურგის ედნა მაზიას ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი „აკრძალული თამაშები" (დამდგმელი რეჟისორი-მანანა ბერიკაშვილი).