2013 წლის მარტში 2012 წლის მარტთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -2,1 პროცენტი შეადგინა. "საქსტატის" ინფორმაციით, 12-თვიან პერიოდში აღნიშნული მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები; საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და ტრანსპორტი.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: მოცემულ ჯგუფში ფასები შემცირდა 3,1 პროცენტით და, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,90 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების კლება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (14,0 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (7,8 პროცენტი), თევზეული (6,6 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (2,7 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა რძის, ყველის და კვერცხის ქვეჯგუფზე
(1,9 პროცენტი).
საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: მოცემულ ჯგუფში ფასები შემცირდა 8,2 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,70 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების კლება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (11,5 პროცენტი), საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (7,9 პროცენტი).
ტრანსპორტი: ჯგუფის ფასები შემცირდა 2,3 პროცენტით. შესაბამისად, ტრანსპორტის ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,31 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების კლება დაფიქსირდა ქვეჯგუფში „პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია" (4,3 პროცენტი).