2013 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ -0,1 პროცენტი შეადგინა. "საქსტატის" ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი; სურსათი და უალკოჰოლო სასმელები; სასტუმროები, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფებმა.
საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: მოცემულ ჯგუფში ფასები შემცირდა 2,2 პროცენტით და შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა მარტის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,18 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების ქვეჯგუფზე (4,0 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა საცხოვრებლის მიმდინარე მოვლასა და შეკეთებაზე (2,3 პროცენტი).
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: მოცემულ ჯგუფში ფასების კლება დაფიქსირდა 0,3 პროცენტის დონეზე და, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა მარტის ინფლაციაში -0,10 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ ჯგუფში ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: შაქარი, ჯემი და
სხვა ტკბილეული (2,5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (0,8 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (0,5 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე (5,3 პროცენტი).
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: მოცემულ ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა მარტის ინფლაციაში 0,08 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ღამის გასათევით მომსახურებაზე (5,8 პროცენტი).