საქართველოს, არაბი შეიხები სტუმრობენ. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" საერთაშორისო სავაჭრო პალატიდან აცნობეს, 8 აპრილს 16:00 სასტუმრო "რადისონში" გაიმართება მრგვალი მაგიდა, რომლის მთავარი თემა იქნება „წარმატებული ინვესტიციების მთავარი ფაქტორი განვითარებად ბაზარზე".
შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახსნის. შემდეგი მომხსენებლები იქნებიან "დაბი ჯგუფის" თავმჯდომარე და არაბეთის გაერთიანებული საამიროების კულტურის მინისტრი, შეიხი ნაჰაიან ბინ მუბარაკი.
ღონისძიებაზე ასევე მოწვეულია "დაბი ჰოლდინგის" თავმჯდომარე, მისი აღმატებულება შეიხი მოჰამედ ბინ ნაჰაიან ალ ნაჰაიანი,
შეგახსენებთ, რომ 2012 წელს მოჰამედ ბინ ნაჰაიან ალ ნაჰაიანმა საქართველოში სტუმრობისას, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ტურიზმის ცენტრი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ნაჰაიან მუბარაკ ალ ნაჰაიანმა ბათუმში შეიხის ხეივანი გახსნეს.
ნაჰაიან მაბარაკ ალ ნაჰაიანი საქართველოში ცნობილია იმითაც, რომ მან საქართელოს პრეზიდენტს საჩუქრად 10 ათასი პალმის ხე გამოუგზავნა, რომელიც საბოლოოდ შავი ზღვის აკვატორიაში დაირგო.
ნაჰაიან მაბარაკ ალ ნაჰაიანი არის არაბეთის გაერთიანებული საემიროების უმაღლესი განათლების მინისტრი, საემიროების Union National Bank- ის თავმჯდომარე, უნივერსიტეტის რექტორი, შპს ,,დაბი კონტრაქტინგი"-ს და ,,დაბი გრუპი"-ს თავმჯდომარე. აღნიშნული კომპანიის საკუთრებაა რუსთაველის გამზირზე მდებარე ყოფილი იმელის შენობა.
2012 წლის 7 მაისს, ,,დაბი გრუპი"-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, საქართველოში შეიხის წარმომადგენელმა სემ ედუარდმა და სასტუმროთა ქსელ ,,მილენიუმი"-ს ვიცე-პრეზიდენტმა მანფრედ სიმონსმა, ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმად ყოფილი იმელის შენობის რეკონსტრუქციის შემდეგ, კომპანია „მილენიუმი" სასტუმროს ოპერატორი გახდება. ცნობილია, რომ შენობა სრულად შეინარჩუნებს ისტორიულ იერ-სახეს და იქნება ერთ-ერთი მაღალი დონის სასტუმრო, რომელიც თბილისის სტუმრებს მოემსახურება. ინვესტორი სასტუმროს მშენებლობაზე 40 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. მშენებლობაზე 100-ობით სამუშაო ადგილი შეიქმნება. სამშენებლო სამუშაოები ორ წელიწადში დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები