დღეს, 3 აპრილს, 16:00 საათზე, მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლის სარკეებიან დარბაზში გამომცემლობა "საუნჯე" წარმოადგენს 14 ახალ საბავშვო წიგნს. ღონისძიებას დაესწრებიან საბავშვო მწერლები, მხატვრები, ,,ბასტი-ბუბუს'' მომღერლები.
გამომცემლობა "საუნჯე" (გამომცემელი ვაჟა წოწკოლაური) 2013 წლიდან ბავშვებს სთავაზობს ახალ საგამომცემლო პროექტს, სახელწოდებით "ბიბას წიგნები". პროექტს იდეის ავტორი, მწერალი და პოეტი მარიამ წიკლაური ახორციელებს. სახელწოდება ბიბა კი ამგვარად იშიფრება: "ბიბლიოთეკა ბავშვებისათვის".
სერიული გამოცემა ნებიმიერი ასაკის მკითხველსა თუ სხვადასხვა თაობის თანამედროვე ქართველ ავტორთა წიგნებს აერთიანებს. თითოეულ წიგნზე მკითხველის ასაკი და პროექტის ლოგოა მითითებული. წარმოდგენილია პროზა, მცირე ზომის მოთხრობები, ზღაპრები, ლექსები, გამოცანები, ეთნოლოგიური ტიპის ტექსტები, ფენტეზი, სათავგადასავლო თუ შემეცნებით-ნარატიული ლიტერატურა. პროექტის ფარგლებში ორენოვანი და სათამაშო წიგნებიც გამოიცემა. მრავალფეროვანია ილუსტრაციებიც: ასაკის შესაბამისი, ფერადი თუ შავ-თეთრი.
"ბიბას წიგნებს" შედარებით დაბალი ფასითა და ეფექტური გარეგნობით გამოირჩევა: მათ სქელი, ფერადი ყდები, სანიშნები, ხარისხიანი ქაღალდი, მოხატული ფორზაცები, არასტანდარტული ფორმატი და სხვა მრავალი ვიზუალური დეტალი ამშვენებს.
მოსწავლეთა რესპუბლიკურ სასახლეში არმოდგენილი იქნება "ბიბას" სერიით გამოცემული წიგნები: ნინო ბეზარაშვილის "კლდებიჭა", მარიამ წიკლაურის "ანბანის სამეფოში", ირაკლი ლომოურის "მამლაკუდა და სხვა ზღაპრები", მაია გელაშვილის ორენოვანი ეთნოლგიური სახის კრებული დისკით "მხიარულ-ბრაზიანი ბატონები", ვასილ გულეულის "ციცქნა ციკოს ცისქვეშეთი", ნატო დავითაშვილის "პატარა დინოზავრი დინდინელა", ირმა მალაციძის "ხელნაკერი ზღაპრები", თეა ლომაძის "ჩანო ჩეა", ლია რუსიაშვილის "სალი კოლხელი" (წიგნი აერთიანებს ოთხ წიგნს: "უცნობი დედოფლის საგანძური", "ოქროს ვაშლის საიდუმლოება", "მარადიული ებრაელი" და "ყვარლის ლოდი"), ნათია ჯანაშიას "ლიფსიტები", ქეთევან ჭილაშვილის "ვატო და ჩიტი", ვლადიმერ ასლამაზიშვილის "ლადო პაპას ზღაპრისგუდა", მანანა ჯოხარიძის "დოქტორი ლაზარეს უცნაური სტუმარი", ვაჟა ხორნაულის "იქით მზე და აქეთ დედა".
გამოსაცემად მზადდება გურამ პეტრიაშვილის, ნუნუ კერესელიძის, ლელა ცუცქირიძის, დოდო ხიმშიაშვილის, ლალი ჯაფარაშვილისა და სხვა ავტორთა წიგნები. ბიბას სერიით, შესაძლოა, ერთი ავტორის რამდენიმე წიგნი გამოიცეს.