წითელ ხიდთან ნაღმზე აფეთქებული 25 წლის ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა, პაციენტს სერიოზული პოლიტრავმა და ტრავმულ-ჰემორატიული შოკი აღენიშნება.
მისი თქმით, მრავლობითი ცეცხლსასროლი ჭრილობების შედეგად, ახალგაზრდას სასიცოცხლო ორგანოები - გული, თირკმელი და სხვები არ დაზიანებია.
"სამაგიეროდ, აფეთქებამ მოაგლიჯა მარცხენა ტერფის და წვივის ნაწილი, მარჯვენა ფეხზე არის კუნთების დეფექტი და გარე ჭრილობები. ახლა მის სიცოცხლეს საშიშროება არ ემუქრება. შოკიდან უკვე უნდა გამოვიდეს", - განაცხადა ბახტაძემ.
მისივე თქმით, აფეთქების შედეგად, პაციენტის ჭრილობები დაბინძურებული იყო, ამიტომ ამ ეტაპზე ერთადერთი საშიშროება ინფექციის შეჭრაა.
"მიუხედავად იმისა, რომ კარგად დავამუშავეთ ეს ჭრილობები მაინც რჩება საშიშროება, რომ დაინფიცირდეს. სხვა არანაირი პრობლემა არ არსებობს. ამ ეტაპზე, შოკური მდგომარეობის სტაბილიზაცია უნდა მოხდეს. სუნთქვის აპარატზე არის მიერთებული. ახლა რომ შევუწყვიტოთ აპარატი ისევ ტკივილები დაეწყება", - განმარტა კლინიკის დირექტორმა.
25 წლის სერხან მუსაევი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გუშინ საღამოს 20:00 საათზე მოათავსეს. ის მარნეულის რაიონის სოფელ კირაჩმუღალოსთან ნაღმის აფეთქების შედეგად დაშავდა.
სერხან მუსაევი სოფელ კირაჩმუღალოში მეგობართან იმყოფებოდა. ის წითელი ხიდის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკარგული ძროხის მოსაძებნად წავიდა და ნაღმზე აფეთქდა.