სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი პარლამენტს გასულ წელს მომხდარ რამდენიმე მოვლენასთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, ომბუდსმენის ყოველწლიურ ანგარიშში ძალიან დიდი ადგილი უკავია იმ მოვლენებს, რომლებსაც არჩევნების წინა პერიოდში ჰქონდა ადგილი, რადგან დაფიქსირებული იყო ძალიან ბევრი დარღვევა, რომელიც წინასაარჩევნო პროცესებს უკავშირდება.
მისი თქმით, განსაკუთრებული აქცენტებია ასახული კონტროლის პალატის, ხოლო შემდგომ აუდიტის სახელმწიფო სამსახურის საქმიანობაზე და მათ მიერ ჩადენილ პოლიტიკურად მოტივირებულ ქმედებებზე.
"გარდა ამისა, სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების შესწავლა და ამ ანგარიშში არის საკმაოდ დეტალურად შესული ამ საქმეების შესახებ ინფორმაცია. კერძოდ, საუბარია თენგიზ გუნავას, ბაჩანა ახალაიას, გიორგი კალანდაძის, დავით ახალაიას და სხვა პირთ საქმეების შესახებ ინფორმაცია", - განაცხადა ნანუაშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებული შესაბამისი რეკომენდაციები მთავარ პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროს, გენერალურ ინსპეციას, შსს-ს რეაგირებისთვის უკვე გადაეგზავნა. საქმეში არის აღმოჩენილი რამდენიმე სერიოზული დარღვევა.
სახალხო დამცველმა შეისწავლა, გასული წლის აგვისტოს ბოლოს ლოპოტას ხეობაში, სოფელ ლაფანყურთან მომხდარი სპეცოპერაციის დროს განვითარებული მოვლენებიც.
"სახალხო დამცველის კონფიდენციალური წყაროებით და ოჯახის წევრების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შესაძლოა იკვეთებოდეს სერიოზული სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები. საუბარია, მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის შესახებ. ამაზე არსებობს საკმაოდ სერიოზული მტკიცებულებები, რომელიც ამ ანგარიშშია შესული", - განმარტა ომბუდსმენმა.
მისივე თქმით, ერთ-ერთ მწვავე პრობლემად რჩება, სამართალდამცველების მხრიდან ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტები. ასევე, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ფაქტები.
სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის მიმართავს, შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, აღნიშნული ფაქტების შესწავლის მიზნით.
ამასთნ, უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ გასული წელი ასევე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა უფლებების დარღვევით და პროფესიულ საქმიანობაში ჩარევის არაერთი ფაქტითაც გამოირჩეოდა.
სახალხო დამცველის ანგარიში პარლამენტს უკვე გადაეგზავნა. ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტი მოხსენებას საგაზაფხულო სესიაზე მოისმენს.