თბილისის მერიის გიგი უგულავას ინიციატივით, ქალაქში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე დიზაინის მედიათეკების მშენებლობა მიმდინარეობს. თითოეული შენობა კომფორტულად მოეწყობა და განსხვავებული იქნება, როგორც ინფრასტრუქტურით, ასევე შინაარსობრივი დატვირთვითაც. მედიათეკაში ნებისმიერი ასაკის დაინტერესებული პირი ინტერნეტ-ბიბლიოთეკით, ელექტრონული წიგნებითა და სხვადასხვა სახის ლიტერატურით ისარგებლებს.
დედაქალაქის მერიის ინფორმაცით, პირველი მედიათეკა ვაკის პარკში აშენდა. თბილისის მერმა გიგი უგულავამ ახალი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი დღეს დირექტორთან ერთად საზეიმოდ გახსნა და მედიათეკაში დანერგილ სიახლეებს გაეცნო.
შენობა ორ სართულიანია და პირველ სართულზე მოზარდებისა და დიდების დარბაზი, მულტიმედიური განყოფილება, წიგნისა და სუვენირების მაღაზია, ასევე საპრეზენტაციო, საგამოფენო და კულტურული აქტივობების დარბაზებია განთავსებული. მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება მისთვის საჭირო, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია - წიგნის, ჟურნალ-გაზეთისა და ელექტრონული მედიის საშუალებით მიიღოს.
მედიათეკის სარგებლობის წლიური აბონიმენტის ღირებულება 15 ლარით განისაზღვრა. აბონიმენტის მფლობელი, მედიათეკის მიერ შეთავაზებულ ყველა მომსახურეობას წლის განმავლობაში უფასოდ მიიღებს.
მეორე მედიათეკის მშენებლობა ვარკეთილში მიმდინარე წლის მაისში დასრულდება. ქალაქში სულ 5 ასეთი ობიექტი აშენდება.