ბორის ბერეზოვსკიმ თავი მოიკლა. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ექსპერტები, რომლებმაც ბერეზოვსკის გვამის გაკევთაში მიიღეს მონაწილეობა. პათოლოგოანატომების მონაცემებით, ბერეზოვსკის სიკვდილი დადგა გაგუდვის შედეგად. მის სხეულზე რაიმე სახის ძალადობრივი კვალი აღმოჩენილი არაა. სხვა დეტალებს პოლიცია არ ახმოვანებს, თუმცა ბრიტანეთის პრესა არსებულ ინფორმაციზე დარყრდნობით აცხადებს, რომ 67 წლის რუსმა ოლიგარქმა თავი ჩამოიხრჩო.
ბერეზოვსკის ახლობლების კი ამ ვერსიის არ სჯერათ. ექსპერტიზის ჩატარებამდე ბერეზოვსკის ყოფილი მეუღლე გალინა ამტკიცებდა, რომ ცხედართან ახლოს აბაზანაში სადაც ბიზნესმენი გარდაიცვალა შარფი იპოვეს. თავის მხრივ, ბერეზოვსკის მეორე მეგობარი ნიკოლაი გლუშკო მიიჩნევს, რომ ბიზნესმენი შესაძლოა დაახრჩვეს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი "Guardian"- ავრცელებს.
"ბორისი დაახრჩვეს. მას ეს ან თავად გააკეთა ან მას დაეხმარნენ. მე არ მჯერა რომ ეს თვითმკვლელობა იყო. ეს არ იყო ჩვეულებრივი სიკვდილი", _ აცხადებს გლუშკო.
"ბორის ბერეზოვსკი გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე დეპრესიიდან გამოდიოდა", _ აცხადებს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების ყოფილი თანამშრომლის ალექსანდრე ლიტვინენკოს ქვრივი მარინა.
"ჩემი აზრით ნაკლებსავარაუდოა, რომ ბერეზოვსკის თავი მოეკლა. როდესაც მე მას ბოლოს ვესაუბრე მან მითხრა, რომ ის ცოტა გონს მოვიდა და მგონია, რომ ის უკეთ ხდებოდა. მან დაიწყო დაინტერესება იმით თუ რა ხდებოდა ირგვლივ. მეკითხებოდა ჩემი ვაჟის შესახებ", _ განაცხადა მარინა ლიტვინენკო ბრიტანულ გაზეთ "Telegraph"-თან საუბარში.
ბორის ბერეზოვსკი 1946 წლის 23 იანვარს მოსკოვში დაიბადა. 1967 წელს დაამთავრა მოსკოვის ტყის ტექნიკური უნივერსიტეტი, 1973 წელს კი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემათიკის ფაკულტეტი. 1983 წელს დაიცვა დისერტაცია. 1991 წელს გახდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. იყო 100 ზე მეტი კვლევისა და მონოგრაფიის ავტორი. 1989 წელს დაინტერესდა ბიზნესით. იგი იყო მთელი რიგი უდიდესი რუსული კომპანიების დამფუძნებელი და უმსხვილესი აქციონერი - ლოგოვაზი, აბბა, ო-ერ-ტე, სიბნეფტი, რუსლანი და ა.შ. ასევე ბადრო პატარკაციშვილთან ერთად იყო TV6-ის, საგამომცემლო სახლი კომერსანტის, "ნეზავისიმაია გაზეტას, "ნოვაია იზვესტიას" თანამფლობელი.
ბერეზოვსკი რუსეთის სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა და იგი თაღლითობაში დაადანაშაულა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მან უკანონოდ - დანაშაულებრივი გზით, გააფორმა კონტრაქტები სხვადასხვა კომპანიებთან ავტომობილების მიწოდებაზე, რის გამოც ბერეზოვსკის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
რუსეთმა არაერთხელ მოითხოვა დიდი ბრიტანეთისგან მისი გადაცემა.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე, ბერეზოვსკიმ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მიმართა წერილით, რომელშიც შეწყალებასა და რუსეთში დაბრუნების ნებართვას ითხოვდა.
ბერეზოვსკის ექვსჯერ დაესხნენ თავს. ბოლოს ასეთი ფაქტი ლონდინში 2007 წელს მოხდა.
1994 წლის 7 ივნისს მომხდარი თავდასხმისას დაიღუპა მისი მძღოლი, ბერეზოვსკიმ კი მსუბუქი დამწვრობა მიიღო. ბერეზოვსკიზე განხორციელებული არც ერთი თავდასხმა სამართალდამცავებს არ გაუხსნიათ.
გასულ წელს, ბერეზოვსკიმ, ასევე რუს ოლიგარქთან, რომან აბრამოვიჩთან წააგო სასამართლო პროცესი.
ბერეზოვსკი ბრალს დებდა აბრამოვიჩს ნდობისა და კონტრაქტების დარღვევაში - კერძოდ, იმაში, რომ 2000 წელს აბრამოვიჩმა აიძულა იგი გაეყიდა წილი ნავთობის კომპანია "სიბნეფტში" იმაზე ნაკლებ ფასად, ვიდრე მისი რეალური ღირებულება იყო. აბრამოვიჩისგან ბერეზოვსკი 6 მილიარდს ითხოვდა.
მას სამი მეუღლე ჰყავდა, რომელთაგან 6 შვილი და ამდენივე შვილიშვილი დარჩა.
რუსული კულტურის მხარდასაჭერად 1992 წელს შექმნა პირველი დამოუკიდებელი საქველმოქმედო ფონდი "ტრიუმფი".
1995 წელს ჩაერთო პოლიტიკაში. 1996 წელს გააერთიანა რუსი ოლიგარქები კომუნისტების წინააღმდეგ ბრძოლაში. სწორედ მან შესთავაზა ბორის ელცინს ანატოლი ჩუბაისის დანიშვნა საარჩევნო შტაბის უფროსად და მანვე დარწმუნა გენერალი ალექსანდრე ლებედი ელცინის სასაგებლოდ მოეხსნა კანდიდატურა.
1996-97 წელებში იყო რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე. ამ დანიშვნის გამო მას ისრაელის მოქლაქეობაზე უარის თქმამ მოუწია, რომელიც 1993 წელს მიღო.
1997 წელს ბერეზოვსკის უშუალო მონაწილეობით მოეწერა ხელი სამშვიდობო ხელშეკრულებას რუსეთის ფედერაციასა და ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკას შორის.
თანამდებობიდან ანატოლი ჩუბაისისა და ბორის ნემცოვის დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე მოხსნეს. 1998-1999 წლებში ბერეზოვსკი დსთ-ს აღმასრულებელი მდივანი იყო. 1998 წელს შეუმუშავა დსთ-ს რეფორმირების კონცეფცია, მაგრამ მის განხოციელებაზე უარი ითქვა ბერეზოვსკის გადადგომის გამო, რაც ევგენი პრიმაკოვის მიერ იყო ინიცირებული.
2000 წელს აქტიურად მონაწილებდა ვლადიმერ პუტინის საარჩევნო კამპანიაში. ამავე წლის ზაფხულში პუტინის პოლიტიკურ შეხედულებებთან უთანხმოების გამო უარი განაცხადა დეპუტატის მანდატზე, ხოლო შემოდგომაზე კრემლის ზეწოლის შედეგად ემიგრაციაში წავიდა.
2001 წელს ნიუ-იორკში დაარსა სამოქალაქო თავისუფლების მხარდაჭერის ფონდი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის.
2003 წელს მიღო პოლიტიკური თავშესაფარი დიდ ბრიტანეთში.
2004 წელს აქტიურად დაუჭირა მხარი უკრაინაში "ნარინჯისფერ რევოლუციას".
იგი იყო ბადრო პატარკაციშვილის მეგობარი და ბიზნესპარტნიორი.