დღეს, 26 მარტს, 11 საათზე ეროვნულ კინოცენტრში ახალი დირექტორი - ნანა ჯანელიძე ჟურნალისტებს გააცნობს მომავლის ხედვას.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კინოცენტრიდან აცნობეს, ახალი ხელმძღვანელი პირველ სამუშაო დილას დაუთმობს კინოცენტრის სამწლიანი პროგრამის პრეზენტაციას მედიისთვის.
ახალი ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ აუცილებელია სახელმწიფოს აქტიური ჩართულობა კინოს სფეროში. იმის გამო, რომ გაიზარდოს ხელისუფლების პასუხისმგებლობა ამ დარგის მიმართ უნდა დაიგეგმოს სპეციალური ჩვენებები პარლამენტის დეპუტატთათვის, მინისტრთა კაბინეტისთვის. ყველა ინსტიტუციამ უნდა იგრძნოს რომ კინოს მხარდაჭერა სახლემწიფო პოლიტიკაა.
ნანა ჯანელიძე აქცენტებს გააკეთებს პრიორიტეტებზე და დასახავს იმ მთავარ მიზნებს, რომელთა განხორციელებას კინოცენტრის გუნდთან ერთად უახლოეს მომავალში გეგმავს.
მთავარი ამოცანაა პირველ ეტაპზე საექსპერტო კომისიების შერჩევა და გამოცხადებული კონკურსების დასრულება. ნანა ჯანელიძის პროგრამაში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს შემდეგ თემებს:
• კინოს პოპულარიზაცია ქვეყნის შიგნით და საზღვრებს გარეთ,
• კინოგანათლებაზე ზრუნვა,
• მუნიციპალური კინოთეატრების განვითარება,
• ადგილობრივი დისტრიბუციის განვითარება,
• კინომემკვიდრეობის დაცვა,
• მნიშვნელოვანი, საერთაშორისო ორგანიზაციების მოწვევა საქართველოში,
• შეღავათიანი საგადასახადო რეგულირება,
• კინოს დაფინანსების ალტერნატიული ფორმები,
• ტელევიზიების მონაწილეობა კინოწარმოებაში.