კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2013 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, 0.03 პროცენტით, ანუ 2.7 მლნ ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 8.7 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 5.1 მლნ ლარით (0.2 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 2.4 მლნ ლარით (0.04 პროცენტით) შემცირდა.
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2013 წლის თებერვლის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 831.1 მლნ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.1 პროცენტით ანუ 9.1 მლნ ლარით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით - 3.8 მლრდ ლარის (შესაბამისად, 0.5 პროცენტით ანუ 20.0 მლნ ლარით ნაკლები) მოცულობის სესხი.
იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი - 47.2 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. მიმდინარე წლის იანვართან შედარებით, თებერვალში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 1.2 პროცენტით ანუ 27.6 მლნ ლარით შემცირდა და 2.2 მლრდ ლარი შეადგინა.
მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 20.8 პროცენტი შეადგინა, რაც 2013 წლის პირველი მარტისათვის 972.6 მლნ ლარით განისაზღვრა (1.0 პროცენტით ანუ 9.8 მლნ ლარით ნაკლები პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით); 8.9 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 415.7 მლნ ლარია (1.1 პროცენტით, ანუ 4.8 მლნ ლარით ნაკლები, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 76.9 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე - მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.
2013 წლის თებერვლის განმავლობაში 1.0 პროცენტით ანუ 35.3 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 3.7 მლრდ ლარს მიაღწია.