სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი თანამშრომლის ვლადიმერ ბედუკაძის განცხადებით, გლდანის მე-8 საპატიმრო და მე-18 სამკურნალო დაწესებულებებიდან გარდაცვლილი პატიმრების ორგანოები გაჰქონდათ.
როგორც მან გაზეთ "ასავალ-დასავალთან" საუბრისას განაცხადა, ორგანოების გატანა კვირაში ერთხელ ან ორჯერ, სპეციალური ავტომობილით ხდებოდა.
მისი თქმით, გლდანის N8 და N18 სამკურნალო დაწესებულებას ერთი საავტომობილო შესასვლელი, ე.წ „შლუზი" გააჩნია.
"ორი წლის განმავლობაში, კვირაში ერთხელ ან ორჯერ, თეთრი ფერის ავტომობილი "ფორდი" მოდიოდა, რომელსაც დაწესებულებიდან გარდაცვლილ პატიმართა შინაგანი ორგანოები გაჰქონდა. არის ვარაუდი, რომ იგივე ავტომობილი სანზონაში N8 საავადმყოფოს ემსახურებოდა. წარმოიდგინეთ, რა რაოდენობის ორგანოები უნდა გაეტანა ამ მანქანას კვირაში ორჯერ", - განაცხადა ბედუკაძემ.
მისივე თქმით, თუ საპატიმროს „შინაგანი ორგანოების ბანკად" წარმოვიდგენთ, გამოდის, რომ ექიმს „დაკვეთილი" ორგანოს ნებისმიერი პატიმრისთვის წარმატებით ამოკვეთა თავისუფლად შეეძლო.
ვლადიმერ ბედუკაძე სასჯელაღსრულების სისტემაში 2001 წლიდან ექვს სხვადასხვა დაწესებულებაში, ოთხ სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. მე-8 საპყრობილეში კი, გახსნის დღიდან საქმიანობდა.
გლდანის მე-8 დაწესებულებაში პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ვიდეოგადაღებებს სწორედ ბედუკაძე აწარმოებდა. მაშინ, როდესაც საქართველოს ტელევიზიებით აღნიშნული კადრები გავრცელდა, ბედუკაძე ბრიუსელში იმყოფებოდა.