საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და მარჯანიშვილის თეატრი ერთად აღნიშნავენ თეატრის საერთაშორისო დღეს - 27 მარტს.
უკვე მეხუთე წელია, მარჯანიშვილის თეატრი „ეტიუდების ფესტივალს" მასპინძლობს. 26 და 27 მარტს, 19:00-საათზე - თეატრალური უნივერსიტეტის I, II და III კურსის სამსახიობო და სარეჟისორო სპეციალობის სტუდენტები მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე წარმოადგენენ ეტიუდებს, რომელთა ხანგრძლივობა არ აღემატება 7 წუთს და გამოყენებული განათება, ხმა და დეკორაცია, მინიმუმამდეა დაყვანილი.
ფესტივალის საკონკურსო პროგრამის ძირითადი ნაწილი პირველ დღეს იქნება ნაჩვენები, მეორე დღეს ეტიუდების მეორე ნაწილს იხილავს მაყურებელი. კომპეტენტური ჟიური დროებით დატოვებს დარბაზს და მიიღებს გადაწყვეტილებას, გამოავლენს გამარჯვებულებს. თეატრალური უნივერსიტეტი და მარჯანიშვილის თეატრი გადასცემენ ფულად ჯილდოებს, საღამო კი დიდი წვეულებით დასრულდება.
ფესტივალი ტარდება თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის 90 წლის იუბილეს ფარგლებში და მასზე შეგროვილი თანხა გადაერიცხება ახალგაზრდა მსახიობს, გიორგი ყორღანაშვილს.
ფესტივალის ორგანიზატორია უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი თემო კუპრავა გახლავთ.
ფესტივალის მიზანია თეატრის საერთაშორისო დღის აღნიშვნა, სტუდენტებში პროფესიული მოტივაციის ამაღლება, შემოქმედების პოპულარიზაცია და ამით მათი წახალისება. ასევე, ახალი სახეების აღმოჩენა და ტალანტების გამოვლენა