განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სახელმძღვანელოთა გრიფირების ახალ წესზე მუშაობა დასრულდა. ამ თემასთან დაკავშირებით მინისტრი დიმიტრი შაშკინი და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორი ნათია ჯოხაძე სამინისტროში შექმნილ საზოგადოებრივი დარბაზის წევრებს - საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების, პროფკავშირების, განათლების საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კავშირების წარმომადგენლებს, ასევე მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებს, სკოლების დირექტორებსა და გამომცემლებს შეხვდნენ. მოწვეულ სტუმრებს მინისტრმა სახელმძღვანელოებისათვის გრიფის მინიჭების ახალი წესი გააცნო.
როგორც სამინისტროს პრეს-ცენტრი იუწყება, სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების კუთხით, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ შემუშავდა გრიფის მინიჭების პროცედურის ახალი მიდგომები და პრინციპები, რომელთა მიხედვითაც არსებითად უნდა აღმოიფხვრას ზოგადსაგანმანათლებლო სასკოლო სახელმძღვანელოსთვის გრიფის მინიჭების სფეროში არსებული ხარვეზები, რის შედეგადაც სკოლები და მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ხარისხიანი სახელმძღვანელოებით.
პრეს-ცენტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ დაიხვეწა საკონკურსო პროცედურები, მკაცრად განისაზღვრა სახელმძღვანელოს შეფასების კრიტერიუმები, სახელმძღვანელოების ტექნიკური პარამეტრები და სახელმძღვანელოს შეფასების პროცედურა და მეთოდიკა. გაფართოვდა სახელმძღვანელოს შემფასებელთა წრე - სახელმძღვანელოების შეფასების პროცესში ჩაერთვებიან, როგორც საგნობრივი ექსპერტები, ასევე აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოქმედი პედაგოგები, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ერთიანი საგნობრივი საბჭო. ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრა ისეთი პარამეტრები, როგორიცაა სახელმძღვანელოს ზომა, ქაღალდის ხარისხი, შრიფტის ზომა, აქცენტი გაკეთდება სახელმძღვანელოების ილუსტრაციების ხარისხზე და ა.შ. დაწესდა გადასალახი ბარიერი, რის შედეგადაც სკოლაში მხოლოდ ხარისხიანი სახელმძღვანელოები მოხვდება. გაუმჯობესდება მასწავლებელთა მიერ სახელმძღვანელოების შერჩევის პირობები.
განცხადებაში ნათქვამია, რომ გრიფის მინიჭების ახალი წესის ძირითადი არსია ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნის სწავლების მიზნებისა და საგნობრივი პროგრამების სასკოლო სახელმძღვანელოებთან შესაბამისობაში მოყვანა და ზოგადად სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ სკოლა გრიფირებულ სახელმძღვანელოს ხუთი წლის განმავლობაში ვერ შეცვლის.