ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, თავისი სამდღიანი ვიზიტი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, ისრაელით დაიწყო. ეს მისი პირველი ვიზიტია ისრაელში, შეერთებული შტატების პრეზიდენტის რანგში. ობამას გრაფიკი წუთობრივად არის გაწერილი. გეგმაში სამი გადამწყვეტი თემაა: ირანის ბირთვული პროგრამა, სიტუაცია სირიაში და პალესტინა-ისრაელის დიალოგის განახლება.
„ბი-ბი-სის" ცნობით, ობამასთვის, პრეზიდენტის რანგში, ეს პირველი ვიზიტია, თუმცა წმინდა მიწაზე ის 2008 წელს უკვე იყო სენატორის რანგში. ცნობილი ებრაელი ამერიკანისტის, პროფესორ ეიტან გილბოას განცხადებით, ობამა ისრაელში ისეთი რთული ამოცანების გადაჭრას შეეცდება, როგორიცაა ირანის ბირთვული პროგრამის საფრთხე და ებრაელების და პალესტინელების მოლაპარაკების მაგიდასთან მიწვევა. ისრაელი აშშ-ის პრეზიდენტისგან გადამწყვეტ ქმედებებს ელოდება ირანთან მიმართებაში.
ამასობაში, ისრაელის პრეზიდენტის კანცელარიასთან საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა, რომლის მონაწილეებიც ობამასგან ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო-სამხედრო ძალებს ოფიცრის, ჯონათან პოლარდის გათავისუფლებას ითხოვენ, რომელიც ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ბრალდებული. პროტესტის მონაწილეებმა, საკუთარ პრეზიდენტის ისიც მოსთხოვეს, რომ ობამას ჩამოართვას ისრაელის უმაღლესი ჯილდო - „თავისუფლების ორდენი", რომელიც ობამას გარდა, სხვა ამერიკელ პრეზიდენტს არასდროს მიუღია.