ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ირანის ხელისუფლებას მიმართა და ირანის ბირთვული პროგრამის საკითხის გადაჭრა სთხოვა - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ასოშეითედ პრესი" ავრცელებს.
თავის ტრადიციულ მიმართვაში, რომელიც სპარსული ახალი წლის - ნოვრუზის მილოცვისას გააკეთა, აშშ-ის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ ირანმა გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადადგას და მსოფლიო საზოგადოების აზრს, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, ანგარიში გაუწიოს.
„ამერიკის შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ეს კონფლიქტი მხოლოდ დიპლომატიური გზით უნდა გადაიჭრას. ირანი ირწმუნება, რომ კვლევა ბირთვულ სფეროში მშვიდობიან ხასიათს ატარებს, მაგრამ მსოფლიო მათ ამაში ვერ დაარწმუნეს. ახლა მათ აქვთ შესაძლებლობა, მოახდინონ ამის უფრო რეალური დემონსტრირება", - აღნიშნა ბარაკ ობამამ.
როგორც ცნობილია, დასავლური სახელმწიფოები და ისრაელი შიშობენ, რომ ატომური კვლევები თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურება. ირანი უარყოფს ამ ეჭვებს და ირწმუნება, რომ პროგრამა მხოლოდ სამოქალაქო მიზნებისთვისაა შექმნილი და მშვიდობიან ხასიათს ატარებს.
მასალის გამოყენების პირობები