მოსკოვში ვიზიტის დროს სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის გახსნის თემა განიხილეს. თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინი სარგსიანს დაპირდა, რომ ამ თემას აფხაზ სეპარატისტთა ლიდერთან ალექსანდრე ანქვაბთან განიხილავდა, რომელსაც სარგსიანის შემდეგ, რამდენიმე საათში ხვდებოდა. განცხადებები ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.
"ამის შემდეგ ჩვენ მივიღეთ კომენტარი, რომ არის დადებითი პოზიცია და აუცილებელი ძალისხმევა იმისათვის, რომ ეს მნიშვნელოვანი პრობლემა გადაწყდეს", _ განაცხადა სარგსიანმა.
მისივე განცხადებით, აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა უზარმაზარ სარგებელს მოუტანს სომხეთის ეკონომიკას და არა მხოლოდ, და ერევანი ამ საკითხთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილებების მიღებას ელოდება.
"რაც შეეხება ვადებს მე მიჭირს საუბარი. არის პრობლემები, რომლებიც ქართულ, აფხაზურ და რუსულ მხარეებთან არის დაკავშირებული და მხოლოდ ჩვენ არ ვქმნით აქ პრობლემას. ჩვენს გვაქვს ძალიან დიდი მოლოდინი და იმედები", _ განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ იმისათვის რათა მოსკოვიდან ერევაში ერთი ტონა ტვირთი გადაიტანონ სომეხი მეწარმეები 190 აშშ დოლარს იხდიან - "ეს კი უზარმაზარი თანხაა", - დასძინა სარგსიანმა.