ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ფინანსთა მინისტრის მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ფინანსთა სამინისტრომ მრჩეველთა საბჭოს გააცნო საქართველოს ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტის შემუშავებისათვის საჭირო რეკომენდაციები, ასევე განიხილეს ფინანსთა მინისტრის მრჩეველთა საბჭოს წევრების მიერ წარმოდგენილი შენიშვნები და წინადადებები.
როგორც ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა აღნიშნა, დოკუმენტში განსაზღვრული იქნება პრიორიტეტები და ის ფინანსური რესურსები, რომელიც ეკონომიკაში დასახული მიზნების მისაღწევად უნდა იქნეს გამოყოფილი.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სუფთა ფურცლიდან არ ვიწყებთ მუშაობას. გვაქვს ორი სტრატეგიული დოკუმენტი. ესაა კოალიცია „ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამა, რომელმაც არჩევნებში სწორედ ამ სტრატეგიული ხედვების გამო გაიმარჯვა და მეორე, ესაა მთავრობის პროგრამა „ძლიერი, დემოკრატული, ერთიანი საქართველოსათვის. სწორედ ეს პროგრამები დაედება საფუძვლად სტრატეგიაზე მუშაობას. ჩვენ ექსპერტებთან, პროფესიონალებთან ერთად ვიმუშავებთ და მალე მოსახლეობა იხილავს ახალი მთავრობის უფრო ფართო ხედვას," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
„პირველ რიგში, დოკუმენტში უნდა ჩამოყალიბდეს, რა ტიპის ქვეყანა გვინდა, სად გვაქვს კონკურენტული უპირატესობები, რა მიმართულებებზე უნდა მოვახდინოთ რესურსების მობილიზება. ეს იყო პირველი შეხვედრა, რომელზედაც ჩამოვყალიბდით მუშაობის ფორმატზე. მიზანია, შეიქმნას ზეპარტიული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიას," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
„მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტი იყოს რეალისტური და შესაძლებელი იყოს მისი განხორციელება. ამასთან, აუცილებელია თითოეული დარგის მიმართ შემუშავდეს კონკრეტული მიდგომები, რათა მთლიანობაში მივიღოთ სანდო მიმართულება ქვეყნის სტრატეგიული განვითარებისთვის," - აღნიშნა მრჩეველთა საბჭოს წევრმა სოსო ცისკარიშვილმა.
ქვეყნის სტრატეგიის ამსახველი დოკუმენტის შედგენაზე მუშაობა ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა დაავალა. გადაწყდა, რომ მუშაობის პროცესში ჩაერთვება ყველა სამინისტრო, აგრეთვე ექსპერტები, სამოქალაქო სექტორი, რათა ქვეყნის სტრატეგიის ამსახველ საბოლოო ვარიანტში გათვალისწინებული იყოს ყველა დაინტერესებული მხარის წინადადებები და მოსაზრებები.