სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდთან დაკავშირებით უფრო მეტი კითხვაა, ვიდრე პასუხი, - აცხადებს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროდფესორი ლადო პაპავა გაზეთ "ალიასთან" ინტერვიუში. მისი თქმით, ხაფანგი ჩნდება, როდესაც ის პოლიტიკაში მოდის და იწყებს მთავრობაში მოღვაწეობას. მისი თქმით, ფონდების შექმნაში ცუდი არაფერია, თუმცა სოფლის მეურნეობის ფონდთან დაკავშირებით, მართლაც არის სერიოზული კითხვები.
"დოკუმენტში წერია, რომ ფონდი იქმნება 700 მილიონამდე ლარის, ანუ 700 მილიონიც არ არის. ჩვენ დაპირება გვახსოვს მილიარდიანი. რატომ არ არის სამას მილიონზე მეტი დამატებული, ამაზე პასუხი არ არის. უფრო მთავარი კითხვა სხვა რამეა ჩემთვის: ამ ფულის წყარო რა არის? ბიუჯეტში ეს ფული გაწერილი არ არის. საიდან უნდა შეიქმნას ეს 700 მილიონიანი ფონდი, არ ჩანს. ეს არის ის კითხვა, რომელზეც პასუხი უნდა გაგვცეს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, რომელსაც ამ დრომდე ასეთ რამეზე მინიშნებასაც კი არ გაუკეთებია. შემდეგი კითხვაა, როგორ იხარჯება? საუბარია სასოფლო სამეურნეო ბარათებზე. ამ ბარათების შინაარსობრივი დატვირთვა ბოლომდე ნათელი არ არის. ეს უფრო სოციალური დახმარებაა სოფლად მცხოვრები ხალხისთვის, თუ მართლა, რომ საქმე უნდა აკეთონ? ასევე, არის ჩანაწერი: ვისაც აქვს 0,25 ჰექტარზე ნაკლები მიღებს 100 ლარს, არ ჩანს ეს 100 ლარი რას ეყოფა. იმ წამსვე იბადება კითხვა, თუ რაღაცას უნდა ეყოს გაუგებარია - რას, თუ ეს არის სოციალური დახმარება? ასევე 1,25 ჰექტარიდან 5 ჰექტარამდე - 640 ლარი. თუ 5 ჰექტარზე მეტია, არანაირი სასოფლო სამეურნეო ბარათი აღარ არის?", - აცხადებს პაპავა და აღნიშნავს, რომ არ არის ახსნილი როგორ მოხდება საბანკო სისტემის ჩართვა, რა იქნება ბანკების მომსახურების საფასური... რის ხარჯზე გასცემს ბანკი კრედიტს.
”რა უნდა იყოს ბანკისთვის გარანტია? ისევ მიწა? თუ ეს 700-მილიონიანი ფონდი? სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები კარს არის მომდგარი ამ დროს კი სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდთან დაკავშირებით უფრო მეტი კითხვაა, ვიდრე პასუხი", - აცხადებს ლადო პაპავა.