დღეს, 25 თებერვალს, თბილისი საქალქო სასამართლო გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილისთვის აღმკვეთ ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
სასამართლოს უკვე მიმართა მთავარმა პროკურატურამ, რომელიც გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით 1 მილიონ ლარის გირაოს შუამდგომლობას ითხოვს.
პროკურატურა შუამდგომლობაში ასევე მოითხოვს, რომ გიგი უგულავას შეუჩერდეს უფლებამოსილება, აეკრძალოს ქვეყნის ტერიტორიიდან გასვლა და საგამოძიებო ორგანოში კვირაში ერთხელ უნდა გამოცხადდეს.
რაც შეხება დავით კეზერაშვილს, პროკურატურა ექს-თავდაცვის მინისტრისთვის პატიმრობის შუამდგომლობის დაკმატყოფილებას ითხოვს.
გიგი უგულავას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბრალი სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლებით წაუყენა. უგულავას ბრალი ორ ეპიზოდზე წარედგინა. ტელეკომპანია "იმედისა" და "თბილსერვისჯგუფის" ეპიზოდებზე სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას გულისხმობს და 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე, წარედგინა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებაც, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილითაა გათვალისწინებული და 9-დან 12 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები