ENG / RUS       12+

პაატა ზაქარეიშვილი: გაგრის სტადიონზე ქართველების თავებით ფეხბურთის თამაში - ლეგენდაა

რესპოდენტის შესახებ

... დღემდე ვერ ვნახე ადამიანი, რომელსაც ნანახი აქვს, თუ როგორ თამაშობდნენ ადამიანის თავებით ფეხბურთს გაგრის სტადიონზე. ვეძებდი თვითმხილველს, მაგრამ ვერ ვიპოვე - აცხადებს სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენისათვის" მიცემულ ინტერვიუში რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ მედიაში გამოქვეყნებულ ინტერვიუში აფხაზმა საზოგადო მოღვაწემ ბესლან კობახიამ მოწმედ მოიყვანა იმ ფაქტზე საუბრისას, რომ გაგრაში სეპარატისტებსა და მათ მხარეს მეომარ ბოევიკებს გაგრის სტადიონზე ქართველების თავებით ფეხბურთი არ უთამაშიათ.

- მართლა მოინახულეთ თუ არა თქვენ ბოევიკების მიერ ხელში ჩაგდებული გაგრა ვლადისლავ არძინბას ნებართვით ბესლან კობახიასთან ერთად და რა სურათი დაგხვდათ იქ?
-საომარი მოქმედებების დროს მე და გია ბარამიძე ადამიანის უფლებების დაცვისა და ეროვნებათა შორისი ურთიერთობების კომიტეტში ვმუშაობდით, რომელსაც სანდრო კავსაძე ხელმძღვანელობდა. კავსაძე იყო ასევე შევარდნაძის წარმომადგენელი კონფლიქტებში და ჩვენი კომიტეტი ჩაერთო ამ საკითხებში. გაგრის დაკარგვა ქართული საზოგადოებისთვის შოკისმომგვრელი იყო. შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც სამხედრო ტყვეებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებაზე მუშაობდა. მე და გია ბარამიძე ამ კომისიის წევრები ვიყავით, ხოლო ხელმძღვანელი სანდრო კავსაძე იყო.

მე აფხაზ კოლეგებთან ერთად მოქალაქეების, სამხედრო ტყვეების და მძევლების გადარჩენის, უგზო-უკვლოდ დაკრგულთა მოძიებისა და დაღუპულების გადმოსვენებისთვის ვმუშაობდი და ბესლან კობახიას მიერ აღეწრილი ისტორია არის ერთ-ერთი ეპიზოდი ამ სამუშაოდან. გია ბარამიძე მაშინ პარლამენტის წევრი გახდა და პარლამენტიდან მეხმარებოდა ამ საქმიანობაში. მე თითქმის მუდმივად სოხუმში ვიყავი, ბარამიძე და სანდრო კავსაძე კი რეგულარულად ჩამოდიოდნენ. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ეპიზოდს - ეს იყო ჩვენი პირველი ჩასვლა გაგრის აღების შემდეგ. მაშინ რამდენიმე ქართველი ტყვე გადმოვიყვანეთ, აფხაზებმა ტყვეები ისე გადმოგვცეს, რომ არავისში გაუცვლიათ.

გვქონდა ინფორმაცია, რომ გაგრაში ომის შემდეგ ქართველების სახლები დაწვეს და ქართველებს სდევნიდნენ. გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის წევრ ჭიჭინაძეზეც, რომ იგი ავტომატის ჯერით ჯვრის ფორმაზე - ოთხად გადაჭრეს. ასევე იყო ინფორმაცია, რომ გაგრის სტადიონზე ქართველების მოჭრილი თავებით ფეხბურთს თამაშობდნენ.

არძინბას შეხვედრაზე ვუთხარით, რომ თუ ამგვარი ფაქტები მართლაც ხდებოდა, მკაცრი რეაგირება იყო საჭირო. შეხვედრას საკმაოდ ბევრი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის კობახია. არძინბამ გვიპასუხა, რომ ეს არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და შეგვეძლო, თავად გვენახა ეს ადგილები. შეხვედრის შემდეგ გაგრის გამგებელ იაზიჩბასთან ერთად გავემგზავრეთ. 7 ნოემბრი იყო. ჩვენ სოხუმი, მიუსერა, ბიჭვინთის გზა და გაგრა მოვიარეთ. გაგრაში მთელი დღე გავატარეთ. თან გვქონდა ქართველების იმ სახლების სია, რომლებზეც გვქონდა ინფორმაცია, რომ დავწვეს. გაგრაში მართლაც იყო რამდენიმე სახლი დამწვარი, თუმცა, არა ის სახლები, რომლებიც სიაში გვქონდა. სიაში შეტანილთაგან კი არც ერთი სახლი დამწვარი არ აღმოჩნდა. აფხაზებმა გვითხრეს, რომ ეს შენობები ომის დროს დაიწვა. ჩვენ ფსოუმდე ჩავედით, გავიარეთ სოფელი თავისუფლება, სადაც ერთი სახლი იწვოდა. იაზიჩბამ ცეცხლმოკიდებული სახლის დანახვისას მანქანა გააჩერებინა და იკითხა, რა ხდებოდა. აღმოჩნდა, რომ ეს სახლი ქართველს ეკუთვნოდა. სახლის გარშემო დამნაშავეების ძებნა დაიწყეს, მაგრამ ვერავინ იპოვეს, თუმცა, აშკარა იყო, რომ სახლი ცოტა ხნის წინ გაძარცვეს და კვალის წაშლის მიზნით ხანძარი გააჩინეს.

გაგრაში ასევე ვნახეთ სტადიონი - მოედანზე ბალახი ბიბინებდა. ამის შესახებ სოხუმში დაბრუნებისას "სვობოდნაია გრუზიასთვის" მიცემულ ინტერვიუშიც ვისაუბრე. ჩვენ შეგვიყვანეს სტადიონზე, სადაც ბალახი ბიბინებდა. იმ შემთხვევაში, თუ იქ რამდენიმე დღის წინ ომი იყო, შეუძლებელია, ბალახი ხელახლა დაერგოთ. სტადიონს არა თუ ომის, ტალახის კვალიც კი არ ეტყობოდა. ჩანდა, რომ ამ სტადიონზე არანაირი საომარი ქმედება არ იყო განხორციელებული.

დღემდე ვერ ვნახე ადამიანი, რომელსაც ნანახი აქვს, თუ როგორ თამაშობდნენ ადამიანის თავებით ფეხბურთს გაგრის სტადიონზე. ვეძებდი თვითმხილველს, მაგრამ ვერ ვიპოვე. ყოველთვის ვიღაც ჰყვება, რომ ნახა ადამიანი, ვინც ამას შეესწრო, მაგრამ უშუალო თვითმხილველს დღემდე ვერ შევხვდი . ასევე ამბობენ, რომ არსებობს ამ ფაქტის ამსახველი კადრები, თუმცა, ვერც ამ კადრებს მივაკვლიეთ სადმე. მე მაშინ შევხვდი ჭიჭინაძის დედას, რომელზეც ამბობდნენ, რომ ავტომატის ჯერით ოთხად გადაჭრეს, მაგრამ მან მითხრა, რომ შვილის ცხედარს ამგვარი დაზიანება არ ჰქონდა.

ამდენად, მოგვეცა შესაძლებობა, შეგვემოწმებინა ის ფაქტები, რომელებზეც ინფორმაცია ვრცელდებოდა. რაც მოხდა - საომარი მოქმედებები თავისთავად დაუშვებელი იყო მიუღებელი იყო, მაგრამ ფაქტები ადამიანების წამებისა და გვამების მიმართ უდიერი მოპყრობისა მაშინ ვერ დავადასტურეთ. თუმცა, დავადასტურეთ ეთნიკური წმენდის ფაქტები, მათ შორის სახლების დაწვა. ბევრი სოფელი ომის დასრულების დროსაც დაწვეს, რაც ასევე ეთნიკური წმენდის ნიშანი იყო.

- უარყოფთ თუ არა გაგრის სტადიონზე ქართველების თავებით ფეხბურთის თამაშს და მართლა არის თუ არა ეს - ქართული მხარის მიერ გამონაგონი სიცრუე?
- ეს არ არის ქართული მხარის მიერ გამონაგონი ლეგენდა - ეს ომის მიერ გამონაგონი ლეგენდაა. ამგვარ ლეგენდებს ყველა კონფლიქტში ჰყვებიან - რომ ორსულ ქალებს ბავშვებს მუცელში უკლავდნენ და ასე შემდეგ. იდენტური ლეგენდებია ყველა მხრიდან რაც მომისმენია, მათ შორის ყარაბაღში თუ ბალკანეთში.

- ადასტურებთ თუ არა ომის დროს აფხაზების მიერ ქართველი ტყვეების დახვრეტის ფაქტებს?
-რაც შეეხება ტყვეების დახვრეტას, ომში ყველაფერი ხდებოდა, მაგრამ დღეს ამაზე საუბარს მხოლოდ და მხოლოდ ვნებათაღელვა მოჰყვება. სამწუხაროდ, მე იმ ომში ბევრი საშინელება ვნახე.

- რაში სჭირდებათ სეპარატისტებს ახლა ამგვარი კამპანიის წარმართვა?
-კამპანიას ვერ ვხედავ. ეს არის მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ გახსენებული ეპიზოდი. კამპანიის ნიშნები კი ჯერ არ ჩანს. ამასთან, ის დადებითად აღწერს ქართველი კოლეგების ქმედებებს და სიმართლეს იხსენებს.

”ჯი-ეიჩ-ენი”, ესაუბრა ეკა მომცელიძე

ავტორი: . .