7 თებერვალს, ბერლინის 63-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ოფიციალურ პროგრამაში "პანორამა" ქართული ნამუშევრით ზაზა რუსაძის მხატვრული დებიუტით "ჩემი საბნის ნაკეცი" გაიხსნება.
ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის "გრძელი ნათელი დღეები" კი "ფორუმის" ფარგლებში იქნება ნაჩვენები.
ქართველი რეჟისორების ორივე სადებიუტო ნამუშევარი ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით არის შექმნილი. ფილმის შერჩევა მოხდა ბერლინალეს დელეგაციის წინასაფესტივალო ვიზიტის დროს თბილისში (2012 წლის ოქტომბერში).
ეროვნული კინოცენტრი ბერლინის 63-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ორგანიზებულ ევროპული კინოს ბაზრობაზე 2013 წელს მერვედ წარდგება.
კინობაზრობაზე გაიხსნება საქართველოს სტენდი, სადაც ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდება ფესტივალისა და ბაზრობის სტუმრებს და კინოპროფესიონალებს ქართული კინოს დღევანდელი მდგომარეობის შესახებ, ასევე ახალი ქართული ფილმების და განვითარების სტრატეგიის შესახებ.
საქართველო 2012 წელს გახდა სარაევოს კინოფესტივალის რეგიონალურ სივრცეში შემავალი სრულუფლებიანი წევრი.
9 თებერვალს, ეროვნული კინოცენტრის და სარაევოს კინოფესტივა;ლის ინიციატივით, იმართება მიღება რომელიც მიზნად ისახავს ორი ქვეყნის კინემატოგრაფისტების გაცნობას და დაახლოებას სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.
2013 წელს საქართველოს წარმოჩენა ბერლინის კინოფესტივალზე მასშტაბურია. ახალი ქართული ფილმების წარმატების აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი 10 თებერვალს გამართავს წვეულებას, სადაც ქართული დელეგაციის გასაცნობად თავს მოიყრიან სახვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები კინოპროფესიონალები და კინოცენტრის პარტნიორი ორგანიზაციები.
გოჩა მირცხულავა