საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე შეარჩია არქიტექტორ-რესტავრატორი, ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტის (საქართველოს ICOMOS) თავმჯდომარე მერაბ ბოჭოიძე.
საქართველოს კულტურის სამინისტრომ, სხვა კანდიდატებს შორის, მერაბ ბოჭოიძეზე არჩევანი გააკეთა კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სპეციალისტებთან გამართული კონსულტაციებისა და შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: ადმინისტრაციული და ფინანსური მართვის გამოცდილება, კულტურული მემკვიდრეობის კანონისა და ძეგლთა დაცვის საერთაშორისო რეგულაციების ცოდნა, ძეგლთა დაცვისა და რესტავრაციის პრაქტიკული გამოცდილება, პროფესიული განათლების შესატყვისობა თანამდებობასთან: კვალიფიკაცია, პროფესიული გამოცდილება (სამუშაო სტაჟი), საერთაშორისო ურთიერთობის გამოცდილება, პროფესიული წრისა და მომიჯნავე დარგების წარმომადგენელთა მხარდაჭერა, წარმატებით განხორციელებული სარესტავრაციო- სარეაბილიტაციო ძეგლთა დაცვითი სამუშაოები: ა) არქეოლოგიური ძეგლები ბ) შუა საუკუნეების ძეგლები გ) ტრადიციული საცხოვრებელი დ) ურბანული არქიტექტურა ე) მე-20 საუკუნის არქიტექტურა.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში განიხილებოდა არაერთი კანდიდატურა, მათ შორის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი დავით ლომიტაშვილი, არქეოლოგი და არქიტექტორი გურამ ყიფიანი, არქეოლოგი მერაბ ძნელაძე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ირინე ელიზბარაშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და ექსპერტი მანანა სურამელაშვილი, ხელოვნებათმცოდნე კახა ტრაპაიძე, ხელოვნებათმცოდნე მაკა დვალიშვილი, ისტორიკოსი, აკადემიკოსი გიორგი ოთხმეზური.