დღეს, 23 იანვარს, 18:30 საათზე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის სათაო ოფისში (მის: ელენე ახვლედიანის #3) გაიმართება „ექსპორტის მართვის სკოლის" კურსდამთავრებულთათვის სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია.
ექსპორტის მენეჯერების სასერტიფიკატო კურსი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ იყო ინიცირებული 2012 წელს და სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა კავკასიის უნივერსიტეტის მიერ. ინფორმაციულ და მენტორულ მხარდაჭერას კურსის განმავლობაში უზრუნველყოფდა ექსპორტის განვითარების ასოციაციის გუნდი, რომელიც მომზადდა GIZ-ის მხარდაჭერით.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სერტიფიცირებული ექსპორტის მენეჯერის კვალიფიკაცია მიენიჭება 25 სტუდენტს, მათ შორის 10 საექსპორტო კომპანიის ექსპორტის მენეჯერს (შ.პ.ს ვაინმენი, კახეთის ტრადიციული მეღვინეობა, შ.პ.ს ბესინი, მეღვინეობა ხარება, ვაზიანი, შ.პ.ს შუმი, ბორჯომი, ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის კომპანია) და 15 სტუდენტს, ვისაც შესაძლებლობა ექნება დასაქმდეს ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებში. წარმატებულ სტუდენტთა ნაწილს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სთავაზობს სტაჯირების გავლის შესაძლებლობას ექსპორტის ხელშეწყობის სამსახურში.
აღსანიშნავია რომ მსგავსი კურსი ამ დრომდე არ არსებობდა და მისი შექმნის მიზანს წარმოადგენდა საექსპორტო კომპანიების არსებული და პოტენციური თანამშრომლების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება საერთაშორისო გაყიდვების საწარმოებლად, რაც საბოლოო ჯამში დამქირავებელი კომპანიის საექსპორტო გაყიდვების ზრდაზე და დივერსიფიცირებაზე იმოქმედებს.
სასერთიფიკატო კურსი 4 თვე გაგრძელდა და ძირითადად აგებული იყო პრეცენდენტებით სწავლების (Case Study) მეთოდზე. მის ფარგლებში ლექციებს კითხულობდნენ გამოცდილი ქართველი და უცხოელი პრაქტიკოსი ექსპერტები, სტუდენტებს ექსპორტის მოდელი ასევე გაუზიარეს სპეციალურად მოწვეულმა სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებმა. კურსის მოდული შემუშავებულ იქნა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (GIZ) მხარდაჭერით.
საქართველოს საექსპორტო პოტენციალი საგრძნობლად იზრდება, შესაბამისად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად ახდენს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ. სხვადასხვა ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებთან მუშაობამ აჩვენა, რომ ბაზარზე არის მზარდი მოთხოვნა პროფესიონალ ექსპორტის მენეჯერებზე. სწორედ ამიტომ სამინისტრომ გადაწყვიტა ექსპორტის მართვის სკოლის ჩამოყალიბება. მომდევნო კურსი 2013 წლის მარტში იგეგმება და კვლავ კავკასიის უნივერსიტეტის მიერ განხორციელდება. მსმენელთა შერჩევა მოხდება წერითი გამოცდისა და ზეპირი გასაუბრების საფუძველზე. პროგრამის მსმენელთათვის სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა.
სამინისტრო აღნიშნული პროექტის მეშვეობით ცდილობს აამაღლოს საწარმოთა საექსპორტო აქტივობა, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება ქვეყნის საექსპორტო მაჩვენებლის ზრდაზე.