დღეს, 23 იანვარს, 17:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი გამოცემის, გაზეთ "საქართველოს" ნომრების კრებულის პრეზენტაცია.
საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ 1903-1905 წლებში პარიზში გამომავალ გაზეთ "საქართველოს" ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული კომპლექტი ერთ წიგნად გამოსცა.
თავის დროზე გაზეთი "საქართველო" მეფის რუსეთიდან არალეგალური გზით შემოდიოდა. მისი ნომრების უნიკალური ცალების სრული კომპლექტი მხოლოდ ეროვნული ბიბლიოთეკის ხელუხლებელ ფონდშია დაცული.
1902 წელს პარიზში გაზეთის გამოსაცემად ჩავიდნენ იმ დროის გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწეები: არჩილ ჯორჯაძე, გიორგი დეკანოზიშვილი და მიხეილ კიკნაძე. ამ ადამიანების მცდელობითა და ფრანგი თანამოაზრეების დახმარებით 1903 წლის 1 მაისს პარიზში გამოვიდა ქართული ეროვნულ-პოლიტიკური გაზეთი "საქართველო". პირველად ეროვნული სახელმწიფოებრიობის მოთხოვნა ეროვნულ-ტერიტორიული ავტონომიის ფორმით სწორედ გაზეთ "საქართველოში" გაჟღერდა. გაზეთ "საქართველოს" პუბლიცისტები ასევე სვამდნენ "ქართული ენის უპირატესობის" საკითხს. "საქართველოს" დიდი დამსახურება იყო ის, რომ მან ევროპაში პირველად გაიტანა და დასვა ქართველი ხალხის ეროვნული თავისუფლების საკითხი.
არჩილ ჯორჯაძე, გიორგი დეკანოზიშვილი და მათი თანამოაზრეები პარიზშივე გამოსცემდნენ გაზეთ "საქართველოს" ფრანგულ დამატებას "ლა ჟეორჟი".
გაზეთი "საქართველო" დაბეჭდილია პარიზში სპეციალურად ჩამოსხმული ქართული შრიფტით "პარიზულის" სახელწოდებით.
ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი გამოცემა XX საუკუნის დასაწყისის ქართული პოლიტიკური ცხოვრების ისტორიის მკვლევრებისთვის უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს.