აჭარის მთავრობა მეთევზეობის დარგში არსებული პრობლემებით ინტერესდება. ამ მიზნით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე რეგიონში არსებული სათევზე მეურნეობების წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც აჭარის მთავრობაში განმარტავენ, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა აჭარის მეთევზეობის მეურნეობებში არსებული პრობლემების გაცნობა და მისი გადაჭრისათვის შემდგომი გზების დასახვა.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს თევზის გადამამუშავებელი და საკვების დამამზადებელი ხაზების ამოქმედების საკითხი. ამოქმედების შემთხვევაში მეწარმეებს საშუალება ექნებათ მოახდინონ თევზის გადამუშავება და გაზარდონ წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტი, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს რეგიონში მეთევზეობის კიდევ უფრო განვითარებას და ბაზარი გაჯერდება ადგილობრივი წარმოების თევზითა და თევზპროდუქტებით. რაც დამატებით შემოსავალს მოუტანს ადგილობრივ მეწარმეებს.
დღეისათვის რეგიონში 70-მდე მოქმედი სათევზე მეურნეობაა. საშუალოდ, წლიურად იწარმოება 300 ტონამდე თევზი, მაქსიმალური დატვირთვის შემთხევაში შესაძლებელია წარმოება 1000 ტონამდე გაიზარდოს. წარმოებული თევზის რეალიზაცია ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ხდება. 1 კგ თევზის საშუალო სარეალიზაციო ფასი 8-9 ლარს შეადგენს.