საქართველოს პრეზიდენტმა პოლიციის კაპიტანი კარინა გრიგორიანი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა. კარინა გრიგორიანმა, რომელიც წლების განმავლობაში შსს-ში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, სამინისტრო პირადი გადაწყვეტილებით დატოვა, რის მიზეზადაც ბოლო დროინდელი მასშტაბური ამნისტია დაასახელა. როგორც პოლიციის კაპიტანმა აღნიშნა, მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ამნისტიის ფარგლებში რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებით მსჯავრდებულთა შეწყალება და სასაჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლება.
მიხეილ სააკაშვილმა საუბრისას ამნისტიის თემაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ აქტის მიღებით საქართველოს პარლამენტმა საგანგაშო პრეცენდენტი დაუშვა. მისი თქმით, პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე მისცა უფლება ყველა იმ დამნაშავეს ესარგებლათ პოლიტპატიმრის სტატუსით, ვისაც გარკვეული კავშირი აქვთ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებიც დღემდე მუშაობენ პოლიციაში და საქართველოს ინტერესებს ემსახურებიან.
კარინა გრიგორიანი შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის II სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროს ინსპექტორ-გამომძიებელის თანამდებობაზე მუშაობდა.
მასალის გამოყენების პირობები