მთავრობა კახეთის მოსახლეობის მიერ დახარჯული ელექტროენერგიის სუბსიდირებას მოახდენს. როგორც დღეს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახი კალაძემ აღნიშნა, ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან 875 ათასი ლარის გამოყოფა მოხდება.
„როგორც მოგეხსენებათ კახეთის სადისტრიბუციო კომპანია იმყოფება გაკოტრების რეჟიმში და ამიტომ კახეთის მოსახლეობისთვის ტარიფის დაწევა მოხდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ხარჯზე. 3 თვის განმავლობაში მოხდება სუბსიდირება, რათა კახეთის მოსახლეობას იგივე ტარიფი ქონდეს, რაც დანარჩენ რეგიონებს", - განაცხადა კახი კალაძემ.
შეგახსენებთ, კახეთში ელექტროენერგიის დისტრიბუციას „კახეთის ელეტროდისტრიბუცია" ახდენდა, რომელიც ამჟამად გაკოტრების რეჟიმშია
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და კომპანიებს „ინტერ-რაოს" და "ენერგო-პრო ჯორჯია" შორის დასრულებული მოლაპარაკებების შედეგად, დროებითი სამთვიანი მემორანდუმები გაფორმდა.
მემორანდუმები გარდამავალია და ითვალისწინებს 1 იანვრიდან ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, მომხმარებლებისათვის ტარიფის 3.5 თეთრით შემცირებას, რომლებიც 0 დან 300 კვ ელექტროენერგიას მოიხმარენ. აღნიშნული კატეგორია აბონენების 90%-ს მოიცავს.
დროებითი მემორანდუმების გაფორმება მოხდა საქართველოს მთავრობის მოთხოვნით. რაც შეეხება ტარიფებს ის უკვე საბოლოოდ დადგენილია და აღარ გაიზრდება შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში.
კომპანია „თელასის" აბონენტებისათვის -1 კილოვატსაათზე ელექტროენერგიის საფასური მომხმარებლებისათვის, რომლებიც 101კვ - ელექტროენერგიას მოიხმარენ განისაზღვრა - ნაცვლად 13,48 თეთრისა 9,94 თეთრი, ხოლო 101-301კვ-მდე მოხმარებული ელექტროენერგიისათვის ნაცვლად 16 თეთრისა მომხმარებელი გადაიხდის 12,46 თეთრს. 301კვ-ს ზემოთ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური არ შემცირებულა და ის განისაზღვრება 17,70 თეთრით.
კომპანია „ენერგოპროს" აბონენტებისათვის- -1 კილოვატსაათზე ელექტროენერგიის საფასური მომხმარებლებისათვის, რომლებიც 101კვ - ელექტროენერგიას მოიხმარენ განისაზღვრა - ნაცვლად 12,98 თეთრისა 9,44 თეთრი, ხოლო 101-301კვ-მდე მოხმარებული ელექტროენერგიისათვის ნაცვლად 16,52 თეთრისა მომხმარებელი გადაიხდის 12,98 თეთრს. 301კვ-ს ზემოთ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური არ შემცირებულა და ის განისაზღვრება 17,50 თეთრით.
რაც შეეხება კახეთის ენერგოდისტრიბუციას, უახლოეს მთავრობის სხდომაზე იგეგმება შესაბამისი დადგენილების მომზადება, რომლის შედეგადაც მოხდება ტარიფების სუბსიდირება და მათი გატოლება კომპანია „ენერგოპროს" ტარიფებთან.