დედაქალაქის მერი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს დაბადებიდან 80 წლის უიბილეს ულოცავს.
„თქვენო უწმინდესობავ, ამჟამად მთელი საქართველო და საქრისტიანო აღნიშნავს თქვენი დაბადების 80 წლისთავს. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ჰყავს სულიერი ლიდერი, რომლის სიტყვას ისმენენ და განსაკუთრებით აფასებენ, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მთელს მსოფლიოში. თქვენ ბრძანდებით გამაერთიანებელი და ჩვენს ქვეყანაში ეროვნული თუ რელიგიური თანხმობის მთავარი გარანტი, რაც უახლესი ისტორიის განმავლობაში არა ერთხელ დადასტურდა. გულითადად გილოცავთ საერთო ეროვნული მნიშვნელობის ამ ღირშესანიშნავ თარიღს, გისურვებთ შემდგომ წარმატებებს დიდი მისიის აღსრულებისას, რაც ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, ერმა და ისტორიამ დაგაკისრათ"-ნათქვამია გიგი უგულავას მილოცვაში.