წყალქვეშა ვულკანურმა ამოფრქვევებმა შპს „ფოპტნეტის" ფოთი-სოჭი-ნოვოროსისკის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო მაგისტრალის დაახლოებით 160 კილომეტრიანი კაბელი , სავარაუდოდ, 4 ადგილას დააზიანა. როგორც დღეს შპს „ფოპტნეტის" ხელმძღვანელობას აცნობეს, კაბელის დაზიანებული ნაწილზე, რომელიც ფოთის სადგურის მხარეს იქნა ამოღებული, აშკარად შეინიშნება ცეცხლის კვალი, დამდნარია პოლიეთილენი და დაზიანებულია დამცავი ფარი. ვარაუდობენ, რომ ეს გამოწვეულია წყალქვეშა ვულკანით.
შპს „ფოპტნეტის" აღმასრულებელი დირექტორის კოტე სამუშიას თქმით, კაბელის დაზიანება ფოთი-სოჭი-ნოვოროსისკის წყალქვეშა ოპტიკურ ბოჭკოვანი საკაბელო მაგისტრალზე 2012 წლის 23 დეკემბერს 18.51 წუთზე დაფიქსირდა, სავარაუდო მიზეზად კი იმ დღეს, დაახლოებით, საათნახევრის წინ მომხდარი მიწისძვრა დასახელდა. დაზიანების აღმოჩენიდან 1 საათში გამოიძახეს გემი იტალიის პორტ „კატანიიდან", რომელიც დაზიანების ადგილას შემოვიდა 3 იანვარს, ხოლო დღეს 1300 მეტრი სიღრმიდან ამოღებული იქნა დაზიანებული კაბელი. გემის ინჟინრის თქმით, მსგავს შემთხვევას ადგილი ჰქონდა რამდენიმე წლის წინ კვიპროსთან და მაშინ საქმე 3000 მეტრ სიღრმეში მდებარე კაბელს ეხებოდა.
როგორც კოტე სამუშია განმარტავს, ეს ძალიან საინტერესო შემთხვევაა და სპეციალისტების სერიოზული ინტერესის საგანს წარმოადგენს. გემი, რომელთანაც მათ ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული, ხმელთაშუა, შავ და მიმდებარე წყლებში არსებული კაბელების დაზიანების აღმოფხვრაზე მუშაობს. ეკიპაჟის წევრები გულდასმით სწავლობენ ამ შემთხვევას. დაზუსტებული ინფორმაცია, სავარაუდოდ, მოგვიანებით გახდება ცნობილი, მაშინ, როდესაც დაზიანებული კაბელი სრულად იქნება ამოღებული და შესწავლილი. არსებული მონაცემებით კი 160 მეტრიანი კაბელი 4 ადგილას არის დაზიანებული. სოჭიდან 87 კმ-ზე, შემდეგ 63-ზე, ხოლო ფოთიდან 82-83-ე კილომეტრზე, შემდეგ კი 61-ე-ზე. სწორედ ეს უკანასკნელი იქნა ამოღებული ამ რამდენიმე წუთის წინ.