საქართველოს პრეზიდენტი სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს დაბადებიდან 80 წლის იუბილეს, ხოლო აღსაყდრებიდან 35 წლის იუბილეს ულოცავს.
„გულითა და სულით ვულოცავ მის უწმინდესობას დაბადებისა და აღსაყდრების საიუბილეო თარიღს.
უკვე 35 წელია, რაც იგი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლია. ამ ხნის განმავლობაში იგი უანგაროდ ემსახურება ქვეყნის განმტკიცებასა და გაძლიერებას, ერის სულიერ აღმავლობას, ქართული ეკლესიის აღორძინებას.
დღეს დამოუკიდებელ, დემოკრატიულ სახელმწიფოს ჩვენს ეკლესიასთან ერთად ვაშენებთ, რადგან ჩვენი ძლიერება ჩვენსავე ერთობაშია, თანადგომასა და სიყვარულში. ამ ერთობაში განუზომელია მისი უწმინდესობის პირადი წვლილი, ქვეყნის სულიერი საჭეთმპყრობლისა და ერის მოძღვრის ღვაწლი.
ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლესა და ნაყოფიერ მოღვაწეობას ვუსურვებ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ"- ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის Facebook-ის გვერდზე.