სილვიო ბერლუსკონიმ, რომელმაც მცირე ხნის წინ, 27 წლის მოდელთან დაგეგმილი ქორწინების შესახებ განაცხადა, როგორც იქნა, თავის ყოფილ ცოლთან გაშორებას თავი მოაბა. ბერლუსკონის ექს-მეუღლემ, ვერონიკა ლარიომ სასამართლოს მეშვეობით მიაღწია იმას, რომ ყოფილი ქმარი მას ყოველთვიურად 3 მილიონ დოლარს გადაუხდის.
როგორც იტალიური პრესა წერს, ბერლუსკონის და ლარიოს გაყრის პროცესი სამი წელი გრძელდებოდა. ყოფილი მეუღლე იმედოვნებდა, რომ ქმართან გაშორების შემდეგ, მისგან გაცილებით დიდ თანხას მიიღებდა. ვერონიკა ლარიო მაკერიოში მდიდრულ ვილას და ბერლუსკონის ბიზნეს-იმპერიის წილსაც ითხოვდა, თუმცა, სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ცნობილია, რომ თავად ბერლუსკონი თავდაპირველად, „ბავშვების სიყვარულის გამო" ცოლთან გაშორების წინააღმდეგი იყო, თუმცა, შემდეგ აზრი შეიცვალა.
ბერლუსკონიმ ლარიო 1980 წელს გაიცნო. სილვიო მაშინ უკვე ცნობილი და მდიდარი ბიზნესმენი, ხოლო ვერონიკა თეატრის მსახიობი იყო. მათ ათი წლის შემდეგ იქორწინეს და 3 შვილი შეეძინათ. სილვიო ბერლუსკონის კიდევ ორი შვილი, პირველი ქორწინებიდანაც ჰყავს.