"აშკარად ჩანს, რომ სააკაშვილმა ახალი აგრესია გამოავლინა და აშკარად ჩანს მისი რაღაცისთვის მზადება", - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში. მისი თქმით, სააკაშვილთან ურთიერთობის გაწყვეტა ადვილი საქმე არ იყო, მაგრამ მისი გუნდის ბევრი წევრისგან განსხვავებით მან ეს გააკეთა.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მას ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებების შეფერხება შეეძლო, მაგრამ ამას პროვოცირებას შეგნებულად უწევდა.
"მე შეგნებულად ვუკეთებდი ამას პროვოცირებას. შეგიძლიათ ეს სიტყვა გამოიყენოთ, მაგრამ აქვე განვმარტავ _ მხედველობაში მაქვს ის, რომ მაქსიმალურად ხელს არ ვუშლიდი პროცესებს. მე შემეძლო შეფერხება, მეთქვა, რომ პოლიტიკურად არაა გამართლებული, მოვუსმინოთ ევროპელებს და ამერიკელებს, ჯობია ეს დროში გავწელოთ და ნუ გამოვიწვევთ ახალ საშინელებასთქო", - აცხადებს ივანიშვილი.
მისივე თქმით, ახალ მთავრობას საქმე აქვს სისტემასთან, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს დანაშაულებრივად.