იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე აქტიურად აგრძელებს დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრას. დღეს მინისტრი ვაზისუბნის დასახლებაში, შანდორ პეტერფის #17_ში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა. მინისტრმა დევნილებს 2013 წლის სტრატეგია და ძირითადი მიმართულებები გააცნო. დავით დარახველიძემ დევნილებს შობა-ახალი წელიც მიულოცა და ჰიპერმარკეტ „გუდვილთან" ერთად საახალწლო ტკბილეული გადასცა.
როგორც დავით დარახველიძემ აღნიშნა, დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრა ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება. მინისტრის თქმით, ის აქტიურად იმუშავებს, რომ 2013 წლიდან საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებელ დევნილთა რიცხვი შემცირდეს. ამ მხრივ სამინისტროს ერთ-ერთი მიმართულება ახალი მშენებლობები და მოძიებული კარკასების ბინებად გადაკეთება იქნება.
შანდორ პეტერფის #17_ში, სადაც დავით დარახველიძე დევნილებს შეხვდა, აფხაზეთიდან დევნილი 24 ოჯახი ცხოვრობს. შენობა დაკანონებულია, გაზიფიცირებულია და მომავალი წლიდან დაგეგმილია ელექტროენერგიის ინდივიდუალური გამრიცხველიანება.
მინისტრის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით 88 000 დევნილი ოჯახია საქართველოში დარეგისტრირებული. აქედან გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულია დაახლოებით 25 000 დევნილი ოჯახი. საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ელოდება 62 000 დევნილი ოჯახი.