ENG / RUS       12+

სარედაქციო წერილი - ვინ აგებს პასუხს ქართველი ჯარისკაცების სიცოცხლეზე

უკანასკნელ დღეებში, საქართველოს პრეზიდენტის ჩვეული, ექსცენტრული გამოსვლების შემდეგ, ქვეყნის მოსახლეობამ, პირველ პირთან დაკავშირებული, კიდევ ერთი „საამაყო" ინფორმაცია შეიტყო: მიხეილ სააკაშვილი ახალ წელს ავღანეთი მოგვილოცავს, ანუ მთავარსარდალი ახალ 2013 წელს ქართველ ჯარისკაცებთან ერთად შეხვდება.
ამ ინფორმაციაში ერთი შეხვედვით უჩვეულო არაფერი იქნებოდა, რომ არა მისი უპრეცედენტობა. ჩვენ, მთელი ამ 9 წლის განმავლობაში ისე მივეჩვიეთ იმას, რომ გარკვეული ფაქტი, მოვლენა, პროცესი და ასე შემდეგ, „მთელ მსოფლიოში პირველად ჩვენთან" ხდება, შეიძლება ეს დაანონსებული ვიზიტიც არ გაგვიკვირვებოდა, თუმცა, აქ საქმე ჩვენს გაკვირვებაზე აღარაა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საკითხი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში მყოფი ქართველი მეომრების უსაფრთხოებას, მათ სიცოცხლეს ეხება და რასაკვირველია, თავად პირველი პირის უსაფრთხოებასაც. აქ კი საქმე სახუმაროდ ნამდვილად აღარ არის.

საქმე კი იმაშია, რომ დღიდან ავღანეთში საერთაშორისო სამშვიდობო მისიის დაწყებისა, სადაც, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, მსოფლიოს მთელი რიგი სხვა ქვეყნებიც იღებენ მონაწილეობას, ჯერ არ ყოფილა პრეცედენტი, რომ ქვეყნის მეთაური კოალიციის შემადგენლობაში მყოფ თავის ჯარს წინასწარ გამოცხადებული მისიით სტუმრობდეს. ასეთი ვიზიტები, როგორც წესი, მკაცრად გასაიდუმლოებულია და მხოლოდ შემდგარი სტუმრობის შემდეგ ხმაურდება და ხვდება ინფორმაცია მედიაში. ამ პრინციპის ყველა იცავს, მათ შორის, ეს იქნება უსაფრთხოების კუთხით, მსოფლიოს ყველაზე დიდი რესურსების მქონე ზესახელმწიფო აშშ, თუ ისეთი მძლავრი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, როგორიცაა, ნატო.

მსგავსი სიფრთხილე კი, რეგიონის და ცხელი წერტილის სპეციფიკით, ვითარების განსაკუთრებული სირთულით და შესაბამისად, ჯარისკაცების და თავად მაღალი თანამდებობის პირის უსაფრთხოების მიზნით კეთდება. მიხეილ სააკაშვილის ავღანეთში ვიზიტი კი, სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო, რამდენიმე დღით ადრე დაანონსდა, რის შედეგადაც მთელი მსოფლიო, მათ შორის თალიბანი და ტერორისტული ორგანიზაციები უკვე ინფორმირებულები არიან ამის შესახებ და იციან, თუ კონკრეტულად რა ობიექტები უნდა დაბომბონ. საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა, ფაქტობრივად, ლანგარზე მიართვა ტერორისტებს სამიზნე ქრისტიანთა ერთ-ერთი იმ მნიშვნელოვანი სადღესასწაულო თარიღისათვის, როცა ამ უკანასკნელთ ყველაზე მეტად უყვართ ცივილიზებულ მსოფლიოზე „რევანშის აღება" თავდასხმებით და ტერორისტული აქტებით.

ძნელი სათქმელია, რატომ დაუშვა საქართველოს პრეზიდენტმა და მისმა გარემოცვამ, ვინც ამ თემაზე მუშაობდა, მსგავსი სრულიად მიუტევებელი და არალოგიკური შეცდომა და ქართველი ჯარისკაცები და საკუთარი თავი ასეთი არასაჭირო და გაუგებარი რისკის წინაშე რატომ დააყენა. მიუხედავად ყველაფრისა, ეს ნაბიჯი ლოგიკაში მაინც ვერაფრით ჯდება, თუმცა, უკვე ყბადაღებული კოჰაბიტაციის პირობებში, ქვეყნის მმართველობაში მიმდინარე ინფანტილური შეჯიბრების ფონზე, რომელსაც ახალ მთავრობას ავლაბრის სასახლიდან თუ თბილისის მერიიდან უწყობენ, გასაკვირი აღარაფერია.
მთავრობაზე „გაბუტული" პრეზიდენტი თავისი ქმედებებით ეფექტის მოხდენას, თუ საკუთარი თავისათვის იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ ის კვლავ მთავარსარდალი, მმართველი, ხელისუფალია. რომ პრემიერ-მინისტრი თუ ერთ საქმეს აკეთებს, მაგალითად, გორის ბაზას სტუმრობს, აგერ, მთავარსარდალი უფრო „მაგარია" და ავღანეთში მიემგზავრება. ამ ინფანტილური შეჯიბრის და პიარის ფონზე კი, მსგავსი არაადეკვატური გადაწყვეტილებების მიღება ხდება, რაც სასწორზე ქართველი ჯარისკაცების და თავად, პრეზიდენტის სიცოცხლეს დებს.

ვინ აგებს პასუხს იმ სავარაუდო მძიმე შედეგებზე, რომელიც ასეთ რისკებს მოსდევს, ძნელი სათქმელია. საქართველო, სამწუხაროდ, ამ წლების მანძილზე, იმასაც მიეჩვია, რომ არც არავინ, მით უმეტეს, რომ ასეთ შემთხვევებში, მომხდარს, კონკრეტული დამნაშავე პირის პასუხისგებაც ვეღარ გამოასწორებს, რადგან აქ საქმე ქართველ ჯარისკაცებს, მათ უსაფრთხოებას ეხება, იმ ჯარისკაცებს, რომლებიც სამშობლოდან მრავალი კილომეტრის დაშორებით, ისედაც უმძიმეს პირობებში, უდიდესი რისკის ფასად იცავენ ჩვენ ქვეყანას, მშვიდობას და განვითარების პერსპექტივას და რაოდენ სამწუხაროა, რომ მათი სახელმწიფოს უმაღლესი ხელისუფლება, საკუთარი „ვაჟკაცობის" და ეფექტურობის დამტკიცების სურვილით აღტკინებული, საკუთარი თავის პიარისთვის, ასე ჰაი-ჰარად ექცევა მათ სიცოცხლეს.

”ჯი-ეიჩ-ენი”

ავტორი: . .