„სამყაროს აღსასრულის" დღეს, რომელიც მაიას კალენდრის მიხედვით, 21 დეკემბერს უნდა დამდგარიყო, ტურისტებმა მაიას ტომის სალოცავი სასტიკად დააზიანეს. საქმე ეხება პირამიდას ქალაქ ტიკალში, რომელიც ქალაქ გვატემალადან 550 კილომეტრში მდებარეობს.
ამერიკული მედიის ცნობით, ტურისტებმა, მიუხედავად აკრძალვისა, პირამიდიდან დიდი რაოდენობით სხვადასხვა ნივთები წაიღეს, რითაც დიდი ზარალი მიაყენეს ისტორიულ ძეგლს. არ ვრცელდება ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რა დაზიანდა, თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, ძეგლის აღდგენა უკვე შეუძლებელია. „ტურისტებს უნდა ახსოვდეთ, რომ ეს არის სალოცავი - ისტორიული ძეგლი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი," - განაცხადა ძეგლის ერთ-ერთმა მცველმა იმ შემთხვევისათვის, თუ კიდევ როდესმე დადგება მორიგი „სამყაროს აღსასრული".
ტიკალი მაიას ტომის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქი იყო, მისი კულტურის აყვავების ეპოქიდან. ქალაქის მოსახლეობა დაახლოებით 80 ათასს შეადგენდა. ის იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 1979 წელს შეიყვანა.
შეგახსნებთ, რომ გასულ პარასკევს მაიას ტომის სამშობლოს, გვატემალას ათასობით ტურისტი მიაწყდა, რათა „სამყაროს აღსასრულს" ძველი ცივილიზაციის ნაშთებთან შეხვედროდნენ. მაიას კალენდრის მიხედვით, დედამიწის აღსასრული 21 დეკემბერს უნდა დამდგარიყო. ცენტრალური ამერიკის ინდიელების ექპერტები კი ირწმუნებიან, რომ აღმოჩენილია მაიას ტომის სხვა კალენდარიც, რომელიც კიდევ რამდენიმე ათასი წლით გრძელდება.