საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი ზელიმხან უძილაურის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 14 დეკემბერს ზელიმხან უძილაურმა თავის პირად გვერდზე გამოაქვეყნა და შემდეგ სოციალურ ქსელში გაავრცელა "კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა მსოფლიო საზოგადოებისადმი".
"გონიერი მომხმარებელი მიხვდება, რომ მისი უწმინდესობის განცხადებებს ავრცელებს საქართველოს საპატრიარქო და არა ვინმე კერძო პირი, საკუთარი ვებ-გვერდით; მიხვდება იმასაც, რომ ეს არის შეგნებული პროვოკაცია და მიზანმიმართული ქმედება; თუმცა მოქალაქეების ნაწილი შეიძლება გამოქვეყნებული მასალის გავლენის ქვეშ მოექცეს ან დაბრკოლდეს", - აღნიშნულია განცხადებაში.
მათი ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ეკლესიის მეთაურის სახელით ხალხი შეცდომაში შეჰყავთ.
"მიგვაჩნია, რომ საზოგადოებამ და ხელისუფლებამ უნდა იფიქროს შესაბამის ზომებზე, რათა მსგავსი ქმედებისა და ცილისწამებისაგან ნებისმიერი მოქალაქე იქნეს დაცული", - აღნიშნულია განცხადებაში.