ხვალ, 19 დეკემბერს, 12:00 საათზე, ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" ოფისში (ჭოველიძის ქ.10, თბილისი) გაიმართება კვლევის "ეთნიკური უმცირესობათა სათემო ორგანიზაციების საჭიროებების შეფასება" შედეგების პრეზენტაცია.
კვლევაში ასახულია ეთნიკური უმცირესობების პრობლემატიკაზე მომუშავე ორგანიზაციების პრობლემები, მოცემულია რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა გაიზარდოს მათი ზეგავლენა საზოგადოებასა და პირობებზე.
კვლევა მომზადებულია ეთნოსთაშორისი თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის მიერ და ეძღვნება საქართველოში მოქმედ ეთნიკური უმცირესობათა სათემო ორგანიზაციების პრობლემების სქემატურ ასახვას და რეკომენდაციების ჩამოყალიბებას საზოგადოებასა და პირობებზე მათი ზეგავლენის განმტკიცების შესახებ.
კვლევის პროცესში ეთნოსთაშორისი თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკურმა ცენტრმა შეაფასა 26 სათემო ორგანიზაციის მდგომარეობა, მათი საქმიანობის სუსტი და ძლიერი მხარეები და საჭიროებები. შეიმუშავა რეკომენდაციათა პაკეტი სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისთვის. შემუშავებული რეკომენდაციები საქართველოში სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის განვითარების ექსპერტული ხედვაა.
"საქართველოში ეთნოსთა შორის ჰარმონიული თანაცხოვრების განვითარებისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკური ნების არსებობას. ამ ურთიერთობების განვითარებაში ხელისუფლებამ უნდა განიხილოს სათემო ორგანიზაციები, როგორც პარტნიორები და მათთან აქტიური კონსულტაციების შედეგად მიიღოს გადაწყვეტილებები, რაშიც მას ეს კვლევა დაეხმარება", - ამბობს აგიტ მირზოევი, ეთნოსთაშორისი თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის დირექტორი.
პრეზენტაციას დაესწრებიან სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები, სათემო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პროექტი განხორციელდა ფონდ "ღია საზოგადოება საქართვლოს" ფინანსური მხარდაჭერით.