ადამ ლენზამ, რომელმაც 14 დეკემბერს 20 ბავშვი და 6 უფროსი აშშ-ის კონექტიკუტის შტატის სკოლაში დახოცა, დანაშაულის ჩადენამდე თავისი კომპიუტერის მყარი დისკი გაანადგურა. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი" წერს. ამის გამო, გამომძიებლებს არ მიეცათ საშუალება, ენახათ მონაცემები, რის მეშვეობითაც შეიძლება ლენზას დანაშაულის მოტივები დაედგინათ. პოლიციამ ვერც მკვლელის დატოვებული რაიმე წერილი აღმოაჩინა.
დადასტურებული მონაცემებით, იარაღი, რომელიც მკვლელმა დანასაულისთვის გამოიყენა, დედამისის მიერ 2010-12 წლებს შორისაა ნაყიდი. ლენზას დედა იარაღის მოყვარული იყო და ხშირად დადიოდა მაღაზიებში. ერთ-ერთი ვიზიტის დროს, მას შვილიც ახლდა.
დაჭრილი მასწავლებლებიდან ორი ქალი გადარჩა. ერთ-ერთი მათაგანი 40 წლის ნატალი ჰემონდია, მეორის ვინაობას კი პოლიცია არ ახმაურებს. მათ მაშინვე დაკითხავენ, როგორც კი საავადმყოფოდან გამოეწერებიან და საუბარს შეძლებენ. მოწმეებად დაკითხავენ ასევე სკოლის იმ მოსწავლეებსაც, რომლებიც სროლის დროს გადარჩნენ. მათ მკვლელს თავი გარდაცვლილებად მოაჩვენეს, ან კარადებსა და საპირფარეშოებში დაიმალნენ.