ENG / RUS       12+

რას ითხოვს ხალხი ხელისუფლებისაგან - ახალი მთავრობის რეიტინგის მატების მიზეზები

"ჯი-ეიჩ-ენის" მიმდინარე სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, ამ ეტაპზე, საინტერესო მონაცემები გამოიკვეთა. კითხვაზე, თუ ყველაზე მეტად რას უნდა დაუთმოს ყურადღება ახალმა ხელისუფლებამ, აღმოჩნდა, რომ აუდიტორიის უმრავლესობა ივანიშვილის მთავრობისგან, უპირველესად, არა კონკრეტულ სოციალურ საკითხებს, არამედ, სამართლიანობის აღდგენას ითხოვს.

"ენდეაის" მიერ სოციოლოგიური კვლევის შედეგად მიღებული შედეგების დღეს წარმოდგენილი მონაცემებიდან კი ირკვევა, რომ ახალ ხელისუფლებას ამ ეტაპისათვის საკმაოდ, და თუ საქართველოს უახლესი ისტორიის პერიპეტიებსაც გავითვალისწინებთ, საგანგაშოდაც მაღალი რეიტინგი აქვს. გამოკითხულთა 80 პროცენტი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკით კმაყოფილია, ხოლო პოლიტიკურ კოალიცია "ქართულ ოცნებას" 65 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ასეთი განწყობა ამ ეტაპისათვის საზოგადოებაში, სრულიად რეალურია. საქართველოში თითქმის ყველა სოციალურ ფენაში, უკმაყოფილების მაღალი მაჩვენებელი, მოლოდინის და იმედის რეჟიმმა შეცვალა. საზოგადოების უმრავლესობა, სისტემის ცვლილებასთან ერთად, პოზიტივს და განვითარების ახალ პერსპექტივებს ელოდება, თუმცა, მაინც საინტერესოა ის ფაქტი, რომ სოციალურ პრობლემებზე აქტუალური, თუნდაც მცირე პროცენტით, მაგრამ მაინც ერთი შეხედვით, აბსტრაქტული, თუმცა, მრავლისმომცველი მიმართულება - სამართლიანობის აღდგენაა.

რამდენიმე წლის წინ, ქართველები შურით შეჰყურებდნენ პოსტსაბჭოთა სივრცის. სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში - უკრაინაში განვითარებულ პროცესებს, სადაც ხელისუფლების, სისტემის ცვლილება არჩევნების გზით მოხდა. 2012 წლის ოქტომბერში კი მსგავსი განწყობა უკვე საქართველოსადმი იგრძნობოდა, ამჯერად ინტერნეტ-სივრცეში, რუსეთის კრემლისადმი რადიკალურად განწყობილი პუბლიკის მხრიდან, რომლისთვისაც, თუ რეაქციების მიხედვით ვიმსჯელებთ, მოულოდნელი იყო მეზობელ, პატარა საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების პროცესის სრულიად ცივილიზებული, დემოკრატიული და ევროპული გზებით წარმართვა.

მიუხედავად პრობლემებისა, უკვე ბევრი უცხოელი ექსპერტიც, რომელიც საქართველოში ან საქართველოს საკითხებზე მუშაობს, შენიშნავს, რომ დემოკრატიის ხარისხის და ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესება ქვეყნისთვის, ამ ეტაპზე უდიდესი პროგრესია. მთელი რიგი ფაქტორების და წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული გამოუსწორებელი შეცდომების გათვალისწინებით, საკმაოდ ნოყიერი ნიაგადია საიმისოდ, რომ საზოგადოებამ ახალ მმართველობას ეს ფაქტორი დიდ პლიუსად ჩაუთვალოს.

თუ იმ სტატისტიკასაც გავითვალისწინებთ, რაც პერიოდულად ქვეყნდება სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების და შესაბამისი სამსახურების მიერ, რომელთა მიხედვითაც ირკვევა, თუ რამდენი ადამიანი ითხოვს საქართველოში წლების მანძილზე დაგროვილი, მის მიმართ განხორციელებული უსამართლო ჩაგვრის გამოძიებას, კიდევ ერთხელ სრულიად ლოგიკური და ბუნებრივი ხდება საზოგადოების ამგვარი განწყობა. ცნობილია, რომ ამ დროისათვის საქართველოს მთავარ პროკურატურაში 7 ათასზე მეტი საჩივარია შესული, რაც ამ დროისათვის საკმაოდ დიდი რიცხვია. სწორედ ამიტომაც ახალი ხელისუფლებისათვის ფრიად მომგებიანია ამ მიმართულებით მუშაობა. ეს კი მთავრობის რეიტინგს მნიშვნელოვნად ზრდის.

ხელისუფლებისადმი საზოგადოების პოზიტიური დამოიკიდებულების შენარჩუნება-მატებაზე გარკვეულწილად იმოქმედა სხვა ფაქტორებმაც. მაგალითად, არჩევნების შემდეგ დაწყებული ისტერია კრიმინალის მატებასთან დაკავშირებით, საფუძვლიანი არ აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ თემასთან მიმართებაში თვით პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმად მცირედ ბუნდოვანი განცხადებები გააკეთა, ყბადაღებული "გაგებით მოეკიდეთ" ფრაზით, რაც მოსახლეობის ნაწილისთვის გაუგებარი დარჩა, საბოლოო ჯამში, მაინც გაირკვა, რომ პანიკა გადაჭარბებული იყო. გარდამავალი პერიოდის რისკების მიუხედავად, საქართველოში დაანონსებული კრიმინოგენული სიტუაციის აფეთქება არ მომხდარა და თუ ახალი შსს-ს მუშაობის რიტმს და გახსნილი საქმეების სტატისტიკას გავითვალისწინებთ, სავარაუდოდ, ეს საფრთხე საქართველოს უკვე ფაქტობრივად აღარც ემუქრება. მით უმეტეს, რომ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის პატრულირება გაცილებით ინტენსიური ხდება, ვიდრე ეს აქამდე ხორციელდებოდა.

ჩვენი სააგენტოს გამოკითხვის მიხედვითვე, ხელისუფლებას საზოგადოება გადასაჭრელ პრობლემათა რიგში მეორე ადგილზე სოციალური პრობლემების მოგვარებას სთხოვს. ეს თემა ახალი ხელისუფლებისათვის დიდი გამოწვევა გახდება და თუ როგორ გაართმევს მას თავს, საამისო მაჩვენებული უკვე სავარაუდოდ ორი-სამი თვის შემდგომი რეიტინგებით გაირკვევა. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ კოჰაბიტაციის ვითარებაში ყოფნა და საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინი, მთავრობის მიმართ დადებითად განწყობილ საზოგადოებაში კრიტიკული დამოკიდებულების მაჩვენებლის ზრდას მნიშვნელოვნად აფერხებს, რასაც მთელი რიგი სუბიექტური თუ ობიექტური ფაქტორები განაპირობებს.

"ჯი-ეიჩ-ენი", ლელა კედელაშვილი

 

 

 

ავტორი: . .