დღეიდან საცალო ქსელში ბენზინი გაიაფდა. როგორც კომპანია „ლუკოილში" განმარტავენ, მათ საცალო ქსელში საწვავის ღირებულება 4-5 თეთრით შეამცირეს. კომპანიის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, „ევრო სუპერის", „პრემიუმ ავანგარდის" ღირებულება 5 თეთრით შემცირდა და შესაბამისად ქსელში 2,22 ლარი და 2,18 ლარი შეადგინა. 4 თეთრით გაიაფდა ასევე, „ევრო რეგულარისა" და „ევრო დიზელის" ღირებულებაც.
რაც შეეხება კომპანია „გალფს", მან საცალო ქსელში მხოლოდ „ევრო რეგულარი" და „დიზელი" გააიაფა. კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით ირკვევა, რომ კომპანიამ ორივე ტიპის პროდუქტზე ფასები 4 თეთრით დასწია.
იმავდროულად, კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა" მომხმარებელს საახალწლო საჩუქარი გაუკეთა და საახალწლო აქციის ფარგლებში, საწვავზე ფასს მნიშვნელოვნად შეამცირებს სოკარის ავტოგასამართი სადგურების ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით.
უახლოეს დღეებში საწვავის ფასს გაიაფებს „ვისოლიც". როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს" კომპანია „ვისოლში" განუმარტეს, კომპანია უახლოეს დღეებში საწვავის ფასის კორექტირებას მოახდენს, მათი შემცირების მიზნით.