"ბიზნესმენები საქართველოში თავისუფალი ბიზნესისთვის" უნდობლობას უცხადებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობას -ამის შესახებ საინიციატივო ჯგუფის კოორდინატორის, ბიზნესმენ დავით ბეგიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
მისი თქმით, საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს განახლებული შემადგენლობის დაკომპლექტების შესახებ. აქამდე ექვსი წევრის შემადგენლობით მოქმედი საბჭო მთავრობის გადაწყვეტილებით ცხრა კაცით განისაზღვრა. დავების განხილვის საბჭოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური უხელმძღვანელებს, ხოლო მის შემადგენლობაში არიან: ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი მამუკა ბარათაშვილი, ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი ბარათაშვილი, ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის უფროსი დავით ქევხიშვილი, ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამართალწარმოების სამმართველოს უფროსი ზვიად კორძაია, მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე, იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი გოგა გუგავა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ლიჩელი.
ბეგიაშვილის განცხადებით, აქედან სამი პიროვნება - მამუკა ბარათაშვილი, დავით ქევხიშვილი და ირაკლი ლიჩელი პირადად მონაწილეობდა წინა მთავრობის მაღალჩინოსნების დაკვეთით მისი კომპანიების წინააღმდეგ გაჩაღებულ რეპრესიებში.
„მივმართავ ახლად არჩეულ მთავრობასა და ფინანსთა მინისტრს საქმეზე გამოძიების დასრულებამდე შეუჩეროს უფლებამოსილება ამ კადრებს. პირადად დაინტერესდნენ და შეისწავლონ ჩვენი მიმართვა და მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ წინა ხელისუფლების მოხელეების დასაქმების საკითხებში. საინიციატივო უფლებადამცველი ჯგუფი "ბიზნესმენები საქართველოში თავისუფალი ბიზნესისათვის" უნდობლობას უცხადებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს არსებულ შემადგენლობას," - ნათქვამია განცხადებაში.